”პაშა ბანკი”, რომელიც საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს, დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-13 კონგრესის სპონსორი იყო.
როგორც ”ფორტუნას” ”პაშა ბანკიდან” აცნობეს, აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან იმართება და რეგიონის საფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. აქ განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის, დსთ-ს და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების შიდა ბაზრების განვითარება, ასევე ევრო ობლიგაციების ინტეგრირება განვითარებად ბაზრებზე და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.
მათივე ცნობით, კონგრესის სპიკერებს შორის იყვნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ”გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, ”პაშა ბანკ” აზერბაიჯანის საინვესტიციო საბანკო მომსახურების დირექტორი ივან უგლიანიცა, ”პაშა ბანკ” საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შაჰინ მამმადოვი.
„მოხარული ვართ, რომ ობლიგაციების კონგრესი წელს თბილისში ჩატარდა და ”პაშა ბანკს” მიეცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში. ფასიანი ქაღალდების ემისია და სხვა სახაზინო ოპერაციები ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოში ამ კუთხით უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონგრესი დადებითად აისახება რეგიონში საფინანსო სექტორის განვითარებაზე,“ – განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, ”პაშა ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის ფასიანი ქაღალდების 2-დღიან კონგრესს, რომელიც “რედისონ ბლუ ივერიაში” 16-17 ივნისს ჩატარდა, ესწრებოდა საფინანსო სექტორის 150-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესის ორგანიზატორი იყო „CBonds“, ხოლო მასპინძელი – „გალტ & თაგარტი“.