“ქართული ოცნება” ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული”, – პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს”ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე “მოქალაქეების” პარლამენტში მისვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება მათთვის უინტერესოა და არაფერს ცვლის.
„გუშინ თალაკვაძე დამიკავშირდა“ – ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
კაპანაძე იმ პირობებზეც საუბრობს, რომლის გათვალისწინებითაც იქნება შესაძლებელი გაიმართოს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი:
“ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” რაღაც კომპრომისზე წამოვა. მათთან არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ იქნება. ოპოზიცია ელჩებთან ერთად შეხვდება “ქართულ ოცნებას”, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა, რომ წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. არაფერი არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს”.- თქვა კაპანაძემ.
ის ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას ხელთ აქვს მრავალი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებასაც აპირებს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ აქტივობის არც ერთი ფორმა, მათთვის დახურული არ იქნება:
“ჩვენთვის აქტივობის არცერთი ფორმა დახურული არ არის. ყველა ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ამიტომ, მხოლოდ რომელიღაც ტიპის ინსტრუმენტის გამოყენება არასწორია.” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი.
შეგახსენებთ, პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში, ქართულ ოცნებასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ქართულ ოცნებას არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე წარმოადგენდნენ.