ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, შეიწყალოს ნიკა გვარამია და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „გულზე მოხვდათ“ და აღშფოთებულები არიან რეზოლუციით.
როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეიძლება არაფერი მოიმოქმედოს, თუმცა საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. ჩიტაძის თქმით, „თუ სალომე ზურაბიშვილს სურს წარმოჩნდეს, როგორც პროდასავლური ლიდერი, მაშინ ამას კონკრეტული ქმედებებიც უნდა მოჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი უფრო უარეს პოლიტიკოსად შეიძლება აღიქმებოდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ოდიოზური წევრები, რადგან ისინი არც მალავენ თავის რადიკალიზმს და სალომე ზურაბიშვილი კი დემოკრატობანას თამაშობს“.
„ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციას აქვს „ჩალის ფასი“, მაგრამ ჩემი აზრით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან და ეს გულზე მოხვდათ. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან დიდ პრობლემასაც ქმნის, რომ ასეთი ადამიანები არიან ხელისუფლების სათავეში და კიდევ ის უფრო უარესია, რომ მისაღებია მათი ასეთი პოლიტიკა საზოგადოების ნაწილისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გარკვეულ ზემოქმედებას იქონიებს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მას გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ასევე ნიკა გვარამია, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით. შეიძლება ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედოს, მაგრამ საინტერესო იქნება პრეზიდენტის პოზიცია. ადრე მან კი თქვა, რომ „არასდროს მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს“, თუმცა მას შემდეგ მას გაურთულდა ურთიერთობა ხელისუფლებასთან და მეორეს მხრივ საერთაშორისო ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე გაიზარდა. მოწოდება არის პრეზიდენტის მიმართ.
თუ სალომე ზურაბიშვილს რეალურად სურს, რომ წარმოჩნდეს პროდასავლური ლიდერი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს დემოკრატიასთან, ასევე საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით, აღნიშნულს უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედებებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო უარეს პოლიტიკოსად შეიძლება აღიქმებოდეს საზოგადოების პროგრესული ნაწილის მხრიდან, ვიდრე ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა ოდიოზური წევრები, რადგან ისინი არც მალავენ თავის რადიკალიზმს და სალომე ზურაბიშვილი კიდევ თამაშობს დემოკრატობანას“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ამავე თემაზე: