LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

offerme.ge – საქართველოში მყიდველებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება

156

offerme.ge – საქართველოში მყიდველებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება. პროექტი სტარტაპ iBuy-ს ფარგლებში განხორციელდება და ექსპლუატაციაში უახლოეს თვეებში გაეშვება.

როგორც ”ფორტუნას” სტარტაპის დაფუძნებელმა ირაკლი ლობჟანიძემ განუცხადა, ვებ-გვერდის შექმნის მთავარი მიზანი მყიდველისთვის ყიდვის პროცესის გამარტივებაა.

”მსგავსი კონცეფციის ვებ-გვერდი საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე არ გვეყოლება. მთავარი არსი  offerme.ge-ის არის ის, რომ მყიდველი შემოვა ჩვენს ვებ-გვერდზე, განათავსებს იმ ნივთს, რომელსაც ეძებს და რომლის შეძენაც უნდა, ამასთან შესაძლებლობა ექნება სასურველი ფასიც მიუთითოს. შემდეგ უკვე გამყიდველები ნახავენ აღნიშნულ განცხადებას და მყიდველს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ. ანუ, მყიდველი სახლიდან გაუსვლელად, დროის დახარჯვის გარეშე, შეძლებს სასურველი ნივთისა, თუ პროდუქციის ყიდვას” – აღნიშნა ლობჟანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ონლაინ-მაღაზია offerme.ge-ი იქნება ერთგვარი შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის.

როგორც პროექტ iBuy-ს შემქმნელმა განმარტა, ვებ-გვერდზე მუშაობა უკვე დაწყებულია, შემუშავებულია მისი კონცეფცია. ”რაც შეეხება ონლაინ-მაღაზიით სარგებლობას, პირველი სამი თვე იქნება უფასო, შემდეგ კი გარკვეული შეთავაზებული სერვისები ჩვენი მომხმარებლისთვის ფასიანი გახდება”, – აღნიშნა ირაკლი ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, პროექტმა iBuy  ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება 100 ათასი ლარის ოდენობით მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g