2019 წლის მარტში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საქართველოში 953 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
აღსანიშნავია, რომ ოჯაში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევებიდან მსხვერპლის სტატუსით, როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესიც ფიქსირდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უწყებაში 165 მსხვერპლი მამაკაცია რეგისტრირებული, ქალების რაოდენობა კი გაცილებით მეტია – 753.
რაც შეეხება მოძალადეს, სტატისტიკის მიხედვით, მარტში 705 მამაკაცი და 165 – ქალი მოძალადე დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, რეგისტრირებული ძალადობის ოჯახში შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად (880 შემთხვევაში) ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა. ამ ერთი თვის პერიოდში დარეგისტრირებულია 242 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა და 1 სექსუალური ძალადობა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ოჯახში ყველაზე ხშირად, 25 წლიდან 44 წლამდე ასაკის ქალებზე ძალადობენ(401 შემთხვევა). მამაკაცები კი მსხვერპლის როლში ძირითადად 45 წელს გადაცილებულ ასაკში არიან.