LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა

10767
bews3445

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ყვითელი გამოცემების ფურცლებზე, წლებია, ხშირად ხვდება. მიზეზი მისი ბობოქარი პირადი ცხოვრებაა. მსახიობის ურთიერთობები ყოველთვის განხილვის საგანი ხდებოდა.

მისი მეუღლე გახლდათ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც წლების შემდეგ, ახლახან, „ფარულ კონვერტში“ მასზე მეორე ნახევრის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე მაშინ ვერ საუბრობდა, რადგან შესაბამისი მხარდაჭერა, როგორიც დღეს არის, არ არსებობდა. ნინუცამ მძიმე ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ბესოსგან ორსულად იყო და მან ოჯახის წევრების თანდასწრებით სცემა. კიდევ ერთი უმძიმესი მომენტი იყო, როდესაც ბესო ზანგურმა, მსახიობის თქმით, მისი ცემა ღამის ოთხ საათზე დაიწყო და დილამდე აგრძელებდა…

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

ბესო ზანგური „ნეტგაზეტთან“ გამოეხმაურა ამ ბრალდებას და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ყოფილმა ცოლმა ეს ყველაფერი „ფარულ კონვერტში“ მოგებული თანხის გამო გააკეთა და მისთვის გაუგებარია, აქამდე რატომ არ საუბრობდა ამ თემაზე – „ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რითმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს (რომ ვიყო).“, აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ზანგური.

ბესო ზანგური პირველად 16 წლის ასაკში დაოჯახდა და პირველი ქორწინებიდან დიდი ბიჭი ჰყავს. შემდეგ მისი მეუღლეები იყვნენ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელთანაც ერთი ბიჭი ჰყავს და მსახიობ გია ბურჯანაძის შვილი, რუსა, რომელთან ურთიერთობაც ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდა. წყვილი ისე დაშორდა, რომ შვილი არ ჰყოლიათ. გარკვეული პერიოდი ბესო მარტო იყო, შემდეგ კი გვანცა წულეისკირი გაიცნო, რომელიც, როგორც ამბობს, მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია.

ბესო ზანგური ჟურნალ „თბილისელებთან“ 2015 წლის ინტერვიუში მსახიობი აღნიშნავს:

„მქონდა პერიოდი, როცა რაღაცების გამო, ძალიან ავირიე. არავის ვაბრალებ ამ არევას, აბსოლუტურად ჩემი ბრალია. აქაც მომსვლია არევა, როგორ არა, ეს შეიძლება ყველა ოჯახში მოხდეს, მაგრამ ეს სიტუაცია არავის გამოუყენებია. ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში. ყველაფერი ჩაივლის და ბოლოს ხვდები, რომ მარტო არ ხარ, გყავს საყვარელი მეუღლე, შვილები, მეგობრები, რომლებსაც ელემენტარულად ვერ გადაახტები.

ანუ, ბესო ზანგურმა თავისი ბედნიერება იპოვა?

– კი, რა თქმა უნდა. შემიძლია, სრული სიზუსტით გითხრათ, რომ მე ჩემი ბედნიერება ვიპოვე. ეს ჩემი ოჯახია, სადაც თავს ძალიან კარგად, კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. ჩვენთან ძალიან დიდი სიყვარულია“.

ისევ „თბილისელებთან“, ამჯერად 2019 წლის ინტერვიუში ბესო ამბობს:

„პირველ რიგში, ცოლს მინდა, მადლობა ვუთხრა იმ საჩუქრებისთვის, რასაც ჩემი შვილები ჰქვია. ამ პატარა გოგომ მიყოლებით გააჩინა სამი შვილი და ეს არ არის ადვილი. ყველაფერში მიდგას გვერდით და სხვათა შორის, მე დამემსგავსა. თუ ამბობდნენ: რანაირი ხასიათი აქვს შენს ქმარსო, ახლა ეუბნებიან: რანაირი ხასიათები გაქვთ ცოლ-ქმარსო (იცინის). წარმოშობით მეგრელია და ჩემს გვარზეც კი გადმოვიდა. მეხუმრებიან ხოლმე, ეს მეგრელი ქალი მთიულმა როგორ გადაიბირიეო (იცინის). მე კი ვპასუხობ: სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი. ჩემი ცოლი იდეალური ქალია“.

უკვე ჟურნალ „გზასთან“, 2020 წლის ინტერვიუში, ბესო ზანგური მამობის ტკბილი გრძნობისა და ხუთი შვილის შესახებ საუბრობს:

– 5 შვილის მამა ხართ, საოცარი სიტყვებით ეფერებით შვილებს. მომიყევით თქვენს მამაშვილობაზე.

– 16 წლის ვიყავი, როცა პირველად გავხდი მამა და მგონი, მთელმა ქალაქმა იცის, რომ შვილებზე გადაყოლილი ვარ. მამობა ჩემთვის არ არის მხოლოდ “პამპერსებისა” და საკვების ყიდვა. გაჩნდა ბავშვი და მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება შვილების აღზრდისთვის დამეთმო. 28 აგვისტოს, მარიამობას ვარ დაბადებული, სულ მინდოდა გოგო მყოლოდა. 3 ბიჭის მერე გაჩნდა მარიამი და ბოლოს – ელენა. ექოსკოპიაზე რომ მივედით და გოგო გვითხრეს, მეუღლეს ეგონა, მეწყინებოდა. მე კი პირიქით, ძალიან გამიხარდა, მამობის ხიბლი სწორედ გოგომ, მარიამმა მაგრძნობინა. მახსოვს, რაღაც პრობლემა მქონდა და ვნერვიულობდი. მარიამი 3 წლის იყო, ჩემ გვერდით დაჯდა და ხელებით რაღაცებს აკეთებდა. რას აკეთებ-მეთქი? – მამიკო რომ ნერვიულობს, მეც ვნერვიულობო, – მითხრა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანზე ვიყავი პასუხისმგებელი. ნაბოლარა გოგოზე კი სული მელევა, ისეთი სიტყვებით ვეფერები ხოლმე. ჩემი სულის ნაკადულია, სინათლის სხივი, ჩემი უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე. ყველაზე მეტად ელენა მგავს, თუმცა, სხვებიც მე უფრო მგვანან და ეს ძალიან მახარებს (იცინის). სახლში სულ უნდა გყავდეს პატარა, 16 წლიდან მე ასე ვარ და ცუდად არ ვგრძნობ თავს. იყოლიეთ ბევრი შვილი და მოსცილდით სოციალურ ქსელებს. დამიჯერეთ, უკეთესად იქნებით“.

ბესო ზანგური სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამი კომენტარებითა და სტატუსებით გამოირჩევა. ერთ-ერთი სკანდალი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს უკავშირდებოდა, როდესაც მისი დაკავების დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბესო ზანგურმა ის უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. მოგვიანებით, ზანგურმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია „ფეიქი“ იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ბესო ზანგურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც საკუთარი თვითმკვლელობის მცდელობაზე ისაუბრა.

მსახიობი აღნიშნავდა:

„სუიციდის მცდელობა ვისაც გქონიათ, ოღონდ მართლა მცდელობას ვამბობ და არა თინეიჯერულ რომანტიკულ ქარიზმას, აი, მე ისეთი მქონდა, 14 დღე ფსიქიატრიულში მიმკურნალეს, მსგავსი არ ენახათ.

სამმა მთავარ ანგელოზმა ჩამომიყვანა და ჩამაბარა ექიმებს საიქოდან, მოკლედ, ვისაც ჰქონია, დამეთანხმება, ყველა მიდიოდით და ეძებდით ისეთ ადგილს, სადაც ვერ გიპოვიდნენ – ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარვყოფთ, რომ ბაჩალიაშვილმა მოიკლა თავი და დამნაშავე მშობელია. სულ ესაა.”

ზანგურის მშობლიური რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა მომხდარს და აღნიშნა, რომ თეატრი ყველანაირ ძალადობას გმობს, მათ შორის – ოჯახურს. თეატრის ამ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ზოგიერთი კომენტარის ავტორი ბესო ზანგურის თეატრის საქმიანობიდან ჩამოშორებას ითხოვს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეატრი ბესო ზანგურთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g