პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პოლიციას თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ.
როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ეს არის საშემოდგომო საცირკო წარმოდგენებისთვის შემზადება:
„ეს არის ერთგვარი კამპანიური ხასიათის მორიგი ტალღა. ეტყობა, საშემოდგომო საცირკო წარმოდგენების შემზადებაა. ახალი რაღაც გამოგონებაა, თითქოს მასობრივად ტოვებენ პოლიციის დანაყოფს – ეს არის სპეკულაცია. თუ ვინმე დატოვებს, არც ამაშია უბედურება – ყველას აქვს უფლება, დატოვოს, ან შევიდეს.
ფაქტი ერთია, რომ დღეს პოლიციელები უდიდეს შრომას ეწევიან იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს“, – აცხადსებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლები სამსახურს მასობრივად ტოვებენ. აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თანამშრომლების წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიებიც.
