LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაცია საქართველოს NATO-ში ინტეგრირების გზაზე დაბრკოლებად არ უნდა იქცეს – კურტ ვოლკერი

108
volkeri

„მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ თუ საქართველო დემოკრატიულ კურსს შეინარჩუნებს, ერთადერთი შემაკავებელი ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე ოკუპაცია იქნება და არ უნდა დაუშვან, რომ ეს იქცეს დაბრკოლებად.

ამასთან, ვოლკერი ამბობს, რომ ჯერ კიდევ სათუოა, რამდენად განაგრძობს საქართველო სწორი მიმართულებით სვლას. აღნიშნულ თემებზე ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ისაუბრა.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ, სადაც არჩევნები ასე თუ ისე წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა – ისინი ახლახანს გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ, რომ ამ [საპარლამენტო არჩევნებზე] შესაძლებლობას გამოიყენებენ. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს და ეს ჯერ ისევ სათუოა და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“, – განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა.

მისივე თქმით, ქართველებს უნდა მიეცეთ ისეთ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრების შანსი, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობენ.

„ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში – არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ჩვენ ეს, ნატომ, მაშინ შევძელით როცა გარემოებები რთული და საფრთხის შემცველი იყო, ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ და სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“, – განაცხადა ვოლკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები