სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე, სადაც საქართველო-აფხაზეთის დეფაქტო საზღვარი მდებარეობს, ფეხით წასვლა გადაწყვიტა.
ამისთვის მაქარაშვილს 13 დღე დასჭირდა. ის თბილისიდან 14 სექტემბერს გავიდა. „ჩვენ მოვიგებთ ომს“ – ეს გიგა მაქარაშვილის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი დევიზი იყო. ის რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.
ენგურის ხიდთან მისულს მას საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ერთად გამართეს აქცია. მათ ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუსეთი კვლავ აგრძელებს არასწორ და დამპყრობლურ პოლიტიკას და სანამ ერთ ქართველს მაინც ემახსოვრება დღევანდელი დღის მოვლენები, ბრძოლა დამთავრებული არ იქნება და გრძელდება.
აქციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა, ფოთისა და ზუგდიდის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.
1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.