LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები აგრძელებენ ბორდერიზაციას, პროცესზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება: ირაკლი ანთაძე

79
image-2022-01-20-112706

სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 104-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებენ. ამასთან, განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი და ის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც საოკუპაციო ძალების მხრიდან ხორციელდება ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს აზიანებს.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული. ასევე შევეხებით გასული წლის განმავლობაში მომხდარ ყველა ინციდენტს და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად აწარმოებენ ბორდერიზაციას, რაც გამოიხატება ხელოვნური ბარიერების აღმართვაში. ეს პროცესი ასევე უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას, ეს არის ოკუპაციის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ხელისუფლებას“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე: მამუკა ჩხიკვაძე, ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოგიჩაშვილი, კახაბერ ნათაძე, ვლადიმერ კანიაშვილი და ლაშა ხეთერელი.

პოპულალურები