უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტები მარიუპოლში „რუსეთის დღის“ აღნიშვნას გეგმავენ.
რუსმა დამპყრობლებმა მასწავლებლებს, საბავშვო ცენტრებისა და საბავშვო ბაღების მუშაკებს დაავალეს, გააკეთონ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის რუსეთისა და „ახალგაზრდა რესპუბლიკების ჰიმნს“ იმღერებენ. თუ ისინი უარს იტყვიან „დღესასწაულისთვის“ მომზადებაზე, პედაგოგებს დაპატიმრებით და ჰუმანიტარული დახმარების მიღების სიიდან გარიცხვით ემუქრებიან.
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, პროპაგანდისტულ მედიაში ოკუპანტების მიერ ბავშვების გამოყენება დაუშვებელია.
„ბავშვების პროპაგანდაში იძულება – ნაციზმის სხვა რა ასპექტებს მოიფიქრებენ მარიუპოლში რუსები სურათის გულისთვის?“ – თქვა პეტრ ანდრიუშჩენკომ.
როგორც UNIAN მანამდე იტყობინებოდა, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ოკუპანტები სექტემბრიდან, მარიუპოლში, საკუთარი სტანდარტების შემოღებით, განათლების სრულად რუსიფიკაციას გეგმავენ. რუსულ პროგრამებზე გადასვლის „ადაპტაციის“ ფარგლებში სკოლებში მხოლოდ სამი საგანი ისწავლება.
სასწავლო წელი 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში დამპყრობლები ბავშვების რუსიფიკაციას აპირებენ. მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ დამპყრობლების მიერ დარიგებული ჰუმანიტარული დახმარება დატყვევებულ ქალაქში საკვების მიღების ერთადერთი გზაა. კომპლექტის გულისთვის, რომელიც მაკარონის რამდენიმე შეკვრას, რამდენიმე წვენს, კონსერვებსა და მარცვლეულს მოიცავს. მარიუპოლის მცხოვრებლები საამისოდ გრძელ რიგებში დგანან.
1 სექტემბრიდან უკრაინის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში