დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “პარლამენტის” პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ევროპარლამენტის ექსდეპუტატი, ჯულიეტო კიეზა, ევროპარლამენტში “ოსეთის რესპუბლიკის” ინტერესების წარმომადგენელი იქნება.
ამის შესახებ იტალიურ დელეგაციასთან შეხვედრაზე ”პარლამენტის” სპიკერმა, პეტრ გასიევმა, განაცხადა, – იუწყება სააგენტო ”რესი”.
”მოხარული ვარ, რომ ისევ სამხრეთ ოსეთში ვიმყოფები. როდესაც მე ევროპის მოსახლეობას თქვენი რეგიონის შესახებ ვუყვებოდი, ვმოქმედებდი, როგორც ჟურნალისტი. ვფიქრობ, ჟურნალისტს უნდა შეეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და მე მივხვდი, რომ სიმართლე თქვენ მხარესაა. მე გავაგრძელებ თქვენი პოზიციის დაცვას ევროპაში. მილიონობით ევროპელმა სამხრეთ ოსეთის შესახებ სიმართლე უნდა გაიგოს. ერთ საგაზეთო სტატიას ან ტელეგადაცემას შეიძლება ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდეს,” – განაცხადა ჯულიეტო კიეზამ ე.წ.პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე.
ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტის წევრი 2004-2009 წლებში იყო.