ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე რუსეთმა დანიშნა აცხადებს, რომ ოკუპირებული ხერსონის ოლქმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტა რეგიონებთან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
„საზღვარი უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია. უკრაინელი მებრძოლების სროლების გათვალისწინებით, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის მხრიდან საზღვრის კვეთა საშიშია. საერთოდ არ გირჩევთ უკრაინაში გამგზავრებას, რა მიზეზითაც უნდა იყოს ეს“, – განაცხადა კირილ სტრემოუსოვმა.
მისივე თქმით, ხერსონიდან გადასვლა შეიძლება ყირიმში, ზაპოროჟიეს ნაწილსა და დონბასში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ხერსონი რუსული ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. კიევი აცხადებს, რომ დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას და გასამართლდებიან კოლაბორაციონისტები, რომლებიც, უკრაინის სახელმწიფოს საზიანოდ, ჩადგნენ რუსი დამპყრობლების სამსახურში.