მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
“დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს საქართველოს რუკა და საქართველოს ისტორია, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის უხერხულობა“ -განაცხადა რიჟვაძემ.
საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე რუკებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ იყო აღნიშნული.
რუსეთის დელეგაციამ თქვა, რომ ეს ფაქტი დიზაინერების შეცდომა იყო და არა პოლიტიკური ჟესტი. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ, პირველ არხთან განაცხადა, რომ რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.