LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულმა ცხინვალმა საზღვრების დადგენა გადაწყვიტა – საქართველოს მხოლოდ ორი გზა დარჩა

443
77

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის და დემარკაციის კომისია შეიქმნა.

„კომისიის” ხელმძღვანელად ე.წ. პარლამენტის წევრი გარი მურადოვი დაინიშნა.

ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ  საქართველოსთან “საზღვრის” დასადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია და  დე ფაქტო პრეზიდენტს ერთი თვის ვადაში „სახელმწიფო კომისიის“ დებულება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს.

რა უნდა იყოს ოფიციალურ თბილისის პასუხი  ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესის შესაჩერებლად, თემაზე „ფორტუნა“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.   

„წლებია უკვე, დაახლოებით 2010 წლიდან ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამას რუსეთი თავისი სურვილით ზოგიერთ რუკაზე დაყრდნობით აკეთებს, რომლებიც მათთვის მომგებიან კონფიგურაციას შეიცავს.

როგორც ჩანს, ახლა სერიოზული ზეწოლაა მუდმივი ბორდერიზაციის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და უნდათ რომ  პროცესს კანონიერების ფორმა მისცენ.

თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა,  მაშინ დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომელიც მეზობელთან საზღვრებს დაადგენს. 

საქართველოს მხარე არ ცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ წარმონაქმს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ მიიჩნევს, ეს კომისია არაფერს არ ნიშნავს, ისინი თამაშობენ თავის თამაშს და თამაშის ნაწილია ასეთი სტრუქტურის შექმნა.

რაც შეეხება კომისიის შინაარსს, ესაა დეკორატიული სტრუქტურა, რომელიც ახლა დაამტკიცებს იმ კონფიგურაციას, რომელიც რუსებმა შექმნეს“. – აცხადებს არეშიძე „ფორტუნასთან“

 

როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია, რა ბერკეტი გვაქვს

 

„ოფიციალურ თბილისს არა აქვს სხვა შანსი გარდა იმისა, რომ არ აღიაროს გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია მიიღებს.

 

დათა ვანიშვილი, რომელმაც ცხოვრების ბოლო წუთამდე საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება აირჩია

ოფიციალური თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებზე სულ აყენებს საკითხს, რომ  პირობითი საზღვრის თაობაზე იყოს მსჯელობა. თუმცა, რუსული მხარე  ითხოვს, რომ ამ მოლაპარაკებაში ჩართული იყოს ოფიციალური ცხინვალი.

ქართული მხარე ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ თემაზე საუბარი მხოლოდ რუსეთთან შეიძლება.

რუსეთს ახლა სურს,  სტრუქტურა შექმნას იმისათვის, რომ მოლაპარაკებაში რომელიმე ფორმით ჩართოს ოკუპირებული ცხინვალი“. – ამბობს ექსპერტი.

 

დასკვნა კომისიამ ერთ თვეში უნდა დადოს, დიდი ალბათობით ჩვენს სასიკეთოთ არაფერი გადაწყდება და შესაძლოა, საზღვარმა კიდევ ჩვენსკენ გადმოიწიოს. რა იქნება შემდეგ?…

 

„სამწუხაროდ 2008 წელს ისეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი, რომ მხოლოდ ორი ბერკეტი დაგვრჩა.

  • საერთაშორისო თანამეგობრობაზე მუდმივი აპელირება 

  • მეორე ბერკეტია  – ომი.

ომი უკვე გავიარეთ და ვნახეთ, რომ არაპროდუქტიულია. აქედან გამომდინარე ომი არ ვარგა და დარჩა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაზე აპელირება. ჩვენ თვითონ შევზღუდეთ ჩვენი თავი და მაქსიმალურად მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე ჩვენივე ქმედებით“ – განმარტა არეშიძემ.

კითვაზე, საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი ემთხვევა თუ არა ამჟამად გავლებულ მავთულხლართებს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში პასუხობს:

„არ მინახავს არც ერთი საბჭოთა პერიოდის რუკა, რომელსაც დღევანდელი საზღვრები რამენაირად ემთხვეოდეს. 

(მხოლოდ რამდენიმე ადგილას ემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვარს).  რუსები მოქმედებენ სხვა პრინციპით. 

მათ აინტერესებთ, სადაა სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვარი და მის დაკავებას ცდილობენ.

ადმინისტრაციული საზღვარი ზოგიერთ შემთხვევაში, სადღაც ტრიალ მინდორზე გადიოდა, მაგრამ ეს ტრიალი მინდორი რუსეთს არ აწყობს, რუსეთს აწყობს, რომ საზღვარი გაივლოს ისეთ წერტილზე, რომელიც სამხედრო სავარაუდო აქტივობისთვის მომგებიანი იქნება“- ამბობს „ფორტუნასთან“ არეშიძე. 

 

 

კომისიის მუშაობის შემდეგ მავთულხლართებთან დამშვიდობება მოხდება თუ არა

 

„კომისიის გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ დეკორაცია. რუსებისთვის საზღვრის კონფიგურაცია უკვე დადგენილია.

ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან მავთულხლართების აღება არ მოხდება. კრემლის პოზიციიდან გამომდინარე, ქვეყნების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლოა, ევროსტრუქტურებში გაწევრიადნენ, ესაა საქართველო, უკრაინა და მეტნაკლებად მოლდოვა, არ იქნება არავითარი შეღავათი“. – განაცხადა არეშიძემ.

 

იმის გასარკვევად თუ რა პასუხი აქვს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ თბილისს  „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. მასალა საგარეო საქმეთა სამინისტროდან  კომენტარის მიღებისთანავე განახლდება.

 

 

 

 

magti 5g