ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” შუალედური გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა მოუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დიურანტს (541 209) ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო და სანუკვარ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა (მის წინ, გამსვლელ ადგილზე მყოფ კავაი ლეონარდს 782 339 ხმა ჰქონდა). ახლა, პირველი შუალედური შედეგებით, ზაზა გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზე მიდის და მართალია, წლეულს გამოკითხვის წესებიც შეიცვალა (შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ), არსებობს შანსი, ქართული კალათბურთისთვის ისტორიული ფაქტი მაინც დაფიქსირდეს.
2017 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული ქომაგთა გამოკითხვის მიმდინარე შედეგებით რომ დგებოდეს, მასში “გოლდენ სტეიტ უორიორსის” 3 კალათბურთელი მოხვდებოდა: კევინ დიურანტი (“გოლდენ სტეიტი”), ზაზა ფაჩულია (“გოლდენ სტეიტი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”).
თავის მხრივ, ასეთი სახე ექნებოდა აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულს: ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”), კევინ ლავი (“კლივლენდი”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), დუეინ უეიდი (“ჩიკაგო”).
“ოლ სტარის” გამოკითხვის მე-2 შუალედური შედეგები 13 იანვარს გამოქვეყნდება, ხმის მიცემა კი 16 იანვარს დასრულდება. სასტარტო ხუთეულების საბოლოო ვარიანტს 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.