LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

51

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა!

საზეიმო ცერემონია ოლიმპიური სოფლის მერის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო, რომელმაც წარმატება უსურვა ქართველ სპორტსმენებს და იმედი გამოთქვა, რომ „XXXI ოლიმპიური თამაშები მეგობრობის, სოლიდარობის და პატიოსანი სპორტული ბრძოლის ატმოსფეროში ჩაივლის”.

სოფლის მერის შემდეგ საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი მიესალმა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა და დროშა აღიმართა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს ელჩი ბრაზილიის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საელჩოს თანამშრომლები, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტსმენები დაესწრნენ.

სანამ ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენები მოახლოებული თამაშებისთვის ემზადებიან, არა და არ ცხრება კამათი დოპინგის გამოყენებაში მხილებული, მოგვიანებით კი თამაშებიდან მოხსნილი რუსი სპორტსმენების შესახებ. ბევრი, მათ შორის ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი ტრევის ტაიგერტი, დასჯილთა მხარდამხარ მთლიანად რუსეთის ოლიმპიური გუნდის დისკვალიფიკაციას ითხოვდა, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსები ოლიმპიადაზე იქნებიან.

2 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე სოკ-ის 129-ე სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა თომას ბახმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „დოპინგზე ჩავარდნილი სპორტსმენების და რუსეთის სპორტში აღმოჩენილი მიუღებელი ფაქტების გამო ბევრი ითხოვდა მთლიანად რუსეთის დელეგაციის მოხსნას, მაგრამ ჩვენ ან მოსაზრებას მხარს არ ვუჭერთ. დამნაშავეების გამო სუფთა სპორტსმენები არ უნდა დაისაჯონ და მათ არ უნდა წაერთვათ ოლიმპიური ოცნება! ოლიმპიური მოძრაობა უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელადაა მოწოდებული, ხოლო ის მოწოდებები, რომელიც მოვისმინეთ, ჩვენს საერთო მიზანს არ ემსახურება. მე, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, მსურს ვუთხრა უდანაშაულო რუს სპორტსმენებს, რომ თუ თქვენ სუფთა ხართ, სხვების დარად უნდა იბრძოლოთ სანუკვარი ოცნების მისაღწევად!” იქვე ბახმა სოკ-ის წევრებს მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ სუფთა სპორტსმენების მხარდასაჭერად და დასაცავად.

რუსებთან დაკავშირებულმა სკანდალმა 18 ივლისს, კანადის ქალაქ ტორონტოში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალური კომისიის ხელმძღვანელის რიჩარდ მაკლარენმა პრესკონფერენციაზე იფეთქა. არაერთმა მიმომხილველმა ის პრესკონფერენცია სპორტის სამყაროში ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა.

რიჩარდ მაკლარენმა მთავარი მოწმის, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგორი როდჩენკოვის მონათხრობზე და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით რუსულ სპორტში გამეფებული დამანგრეველი სისტემა ამხილა.

მაკლარენის თქმით, რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორია მთავრობის ბრძანებით მალავდა სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღების ფაქტებს, ხოლო რუსეთის სპორტის სამინისტრო ფედერალური სპეცსამსახურების დახმარებით აკონტროლებდა დოპინგ-სინჯებს. მისივე თქმით, 2010 წელს სპორტის სამინისტროშიც შეიქმნა სპეციალური სამსახური ამ მიმართულებით, რომელიც 2015 წლის ჩათვლით მოქმედებდა.

რიჩარდ მაკლარენმა კონკრეტული პირებიც დასახელა. მაგალითად რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილე იური ნაგორნიხი, რომელიც პირადად წყვეტდა ვისი დანაშაული უნდა მიჩქმალულიყო და პირიქით, ვისი გახმაურებულიყო. მაკლარენისავე განცხადებით, შეუძლებელია ამ ყოველივეს შესახებ არაფერი სცოდნოდა რუსეთის სპორტის მინისტრს ვიტალი მუტკოს. ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა: „მიამიტობაა იმის ვარაუდი, რომ რუსეთის სპორტის მინისტრმა ბატონმა მუტკომ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდა. სპორტის სამინისტრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური კურირებდნენ მთელ სქემას, ხოლო ბატონი ნაგორნიხი პირადად ხელმძღვანელობდა შარდის შეგროვების პროცესს.”

მაკლარენმა რუსული დოპინგ-სკანდალი შემზარავი სტატისტიკური მონაცემებით შეაჯამა: სპორტის სამინისტროსა და ფედერალური უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის მიერ დაიმალა 643 სინჯი! ყველაზე მძიმე სიტუაცია მძლეოსანთა და ძალოსანთა შორის ყოფილა – 139 დადებითი პასუხი მძლეოსნებს შორის და 117 ძალოსანთა შორის! ამას მოსდევს პარალიმპური დისციპლინები – 35 გაყალბება, ჭიდაობა – 28, ნიჩბოსნობა – 27, ველოსპორტი – 26, ცურვა – 18, ფეხბურთი – 11, აკადემიური ნიჩბოსნობა – 11… საერთო ჯამში, ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადების პროგრამაში შემავალი სპორტის 28 სახეობა და ამას დამატებული 37 გაყალბებული დოპინგ-სინჯი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში!

რიჩარდ მაკლარენის პრესკონფერენციას მალევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც განაცხადა, რომ: „თანამდებობის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან კომისიის ანგარიშში როგორც შემსრულებლები, დროებით დატოვებენ თავიანთ პოსტებს გამოძიების დასრულებამდე.”

რუსეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, გაცილებით მკაცრი და თანმიმდევრული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც ტორონტოში გამართული პრესკონფერენციიდან ერთ კვირაში რუსეთისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო: რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან მოიკვეთა 117 რუსი სპორტსმენი, მათ შორის 67 მძლეოსანი! საერთო ჯამში, ნაცვლად 387 ლიცენზიანტისა, რიოში რუსეთის ოლიმპიური გუნდი „მხოლოდ” 265 ათლეტით წარსდგება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ამბიციებს საერთო გუნდურ ჩათვლაში გვარიანი საფრთხე დაემუქრა. შეგახსენებთ: ოთხი წლის წინ, ლონდონში, რუსეთი 22 ოქროთი და 79 მედლით მეოთხე იყო. სავარაუდოდ, რიოში მათ ხუთეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ.

 

msy.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g