ესპანურენოვანი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ის ომარ მატინს ხვდებოდა – ადამიანს, რომელმაც ორლანდოს გეი-კლუბში 49 ადამიანი მოკლა. მამაკაცის თქმით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება გახდა, რადგან ომარ მატინი ერთ-ერთ მამაკაცთან ურთიერთობისას აივ-ინფექციით დაავადდა.
გეი-კლუბ „პულსში“ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მკვლელი გეი ან ბისექსუალი იყო. მატინი ხშირად სტუმრობდა „პულსს“ და სარგებლობდა აპლიკაციებით, რომელიც გეების გაცნობის საშუალებას აძლევდა.
მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს მიგელს უწოდებს, ამბობს, რომ მატინი ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციის საშუალებით, Grindr-ით გაიცნო. მიგელის თქმით, მატინი დაბნეული ადამიანი იყო, რომელიც მუსულმანური ფესვებისა და სექსუალური კუთვნილების გამო ძალიან იტანჯებოდა.
Univision-თან საუბრისას მიგელი აღნიშნავს, რომ ომარს ჰყავდა ორი პუერტო-რიკოელი პარტნიორი, ერთ-ერთმა მათგანმა კი მატინი შიდსით დააავადა. ანალიზის პასუხის შემდეგ ის იმდენად გაბრაზდა, რომ შურისძიება გადაწყვიტა.
„ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მინდა იცოდეთ სიმართლე, მომხდარი არ იყო ტერორიზმი. ჩემი აზრით, მატინმა ხალხი შურისძიების გამო დახოცა,“ – ამბობს მიგელი.
მისივე ინფორმაციით, ქმრის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ომარ მატინის ცოლმაც იცოდა.