რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება. ომბუდსმენის შეფასებით, მათი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია; რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მოლოდინშია, ხოლო მათი ნაწილი გარკვეულ ობიექტებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ და მათზე რუსეთის კონტროლის გაძლიერებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გააუარესა.
„კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ადამიანურ ურთიერთობებს, ნათესაურ და მეგობრულ კავშირებს. იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე დაკავებულთა რაოდენობამ 2009-2017 წლებში 15 000 შეადგენდა; ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2016-2017 წლებში დაკავებულთა რაოდენობა 1 063 იყო. საოკუპაციო ხაზებზე ადგილი ჰქონდა სიცოცხლის ხელყოფის ერთეულ შემთხვევებსაც.
1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, მათ შორის 278 103 იძულებით გადაადგილებული პირია, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%. ეს ციფრები ჩვენი ქვეყანის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაკისრებულ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს,“ – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ნინო ლომჯარიას აზრით, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების რეალიზების მიზნით აუცილებელია: 1. პრიორიტეტი მიენიჭოს დევნილთა განსახლებას ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს; 2. შემუშავდეს დევნილთა საჭიროების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული მოდელი.
ომბუდსმენი ოთხოზორია-ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევაზე პირდაპირი პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა.