LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონი“ თუ სეზონური ვირუსი? – როგორ მოვიქცეთ, როცა გრიპის მსგავსი სიმპტომები გვაქვს

6085
BeFunky-collage (17)

საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა გვაქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დადებითი შემთხვევების 45% უკვე სწორედ ამ შტამზე მოდის.

გამყრელიძე: “ომიკრონის” 1009 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კავკასიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ სრულად აუცრელებთან შედარებით, „ომიკრონი“ გაცილებით მარტივად, გართულებების გარეშე მიდის სრულად აცრილ ადამიანებში, ხოლო ბუსტერ დოზით აცრილებში ვირუსის თავიდან აცილების შანსი 70%-ია.

„კარგი ამბავი ისაა, რომ ისევე როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, „ომიკრონით“ ინფიცირება გაცილებით უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამების დროს იყო.

იყო ინფორმაცია იმაზე, რომ თუ ადამიანი ორჯერ იყო „ფაიზერით“ და „მოდერნათი“ ვაქცინირებული, მისი დაცვა შემცირებულია სადღაც 35%-მდე, მაგრამ მესამე ბუსტერის გაკეთების შემდეგ, ეს დაცვა 75%-მდე იზრდება“, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

რაც შეეხება ვაქცინებსა და მათ ვადებს, გიორგი კავკასიძე განმარტავს, რომ „კოვიდის გადატანიდან სამი თვე უნდა გავიდეს ბუსტერ დოზის გასაკეთებლად“.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ასევე, აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს.

„ეს არის: სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ზოგჯერ კუნთების, სახსრების ტკივილი, არც თუ ისე იშვიათია გულისრევის შეგრძნება და დიარეა.

ეს არის ის დამახასიათებელი სიმპტომები, რომელიც „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტს აქვს ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მშრალი ხველა, რომელიც განსაკუთრებით პირველად გავრცელებული, ჩინური შტამისთვის იყო დამახასიათებელი, „ომიკრონის“ დროს უფრო ნაკლებად არის.

რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ზუსტად იმის გამო, რომ „ომიკრონის“ მოლეკულაში არის ძალიან ბევრი მუტაცია, ამან გაართულა დიაგნოსტიკა სწრაფი ტესტით. შევეცდები იოლად აგიხსნათ რაშია საქმე.

სწრაფი ტესტი არის, ანტიგენის დასადგენი ტესტი, ამ ვირუსს აქვს რამდენიმე უბანი, სადაც განლაგებულია სხვადასხვა გენები. ერთ-ერთი, რომლის წინააღმდეგაც შემუშავებულია ეს სწრაფი ტესტები არის ე.წ. N გენი, რომელშიც მომხდარი მუტაციების გამო, ის სწრაფი ტესტები, რომლებიც შემუშავებული იყო თავდაპირველი ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ ცდებიან და ხშირად ვერ პოულობენ „ომიკრონის“ N გენს.

ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პაციენტს, რომელსაც აქვს სიმპტომატიკა „ომიკრონის“ და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი, რეკომენდაციაა, რომ პირდაპირ გაიკეთონ პსრ კვლევა, რადგან პსრ კვლევა უკვე რამდენიმე გენს ადგენს”, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g