ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი, აფხაზეთში გატარებულ დროსა და ბავშვობის მოგონებებზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.
ამჯერად, ნინო კვარაცხელია ეხმიანება „აფხაზური ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, თუ რა ვითარებაა ქალაქ ტყვარჩელში და წერს:
„ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება საბაგიროებით… ხიდიდან იწყებოდა და უზარმაზარ მთებში იკარგებოდა…
დედას ბიძაშვილები ცხოვრობდნენ მანდ… მახსოვს, გასვენებაში ვიყავით ბოლოს…ზურიკო, ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნათესავების… ახლა კი რუსული „მშვიდობის წყალობით“ ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული ქალაქი… ჭირისუფლად კი ბუნება მოგვევლინა, მეტი რაღა ქნას, ეფერება და ალამაზებს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება…
Posted by ნინო კვარაცხელია on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.