LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

117
პარლამ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პარლამენტს სამწუხაროდ,  ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს.

გახარიას თქმით, 2020 წელი გამოწვევებით სავსეა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2021 უფრო მძიმე იქნება.

„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე.

ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიამ  ასევე აღნიშნა,  რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“ სრულად განხორციელდეს.

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას – რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება. როგორც უკვე ცნობილია, 11 სამინისტროდან მხოლოდ ერთს, იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ახალი მინისტრობის კანდიდატი.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდადატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g