გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში წელს 27,4%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27,4%-ით ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტრადიციულად, ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს. ამ ქვეყნიდან საქართველოში ოქტომბერში 36 მლნ დოლარამდე თანხა გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 40%-ია.
გადმორიცხვების მიხედვით მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 9,6 ლარი შემოვიდა, მესამეზე კი აშშ – 8,8 გადმორიცხული მილიონი დოლარით. საბერძნეთიდან გასულ თვეს – 7,9 მლნ დოლარი, თურქეთიდან – 5 მლნ დოლარი, ისრაელიდან – 3,1 მლნ დოლარი, ხოლო გერმანიიდან – 2,5, მლნ დოლარი გადმოირიცხა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ძირითადად 14 უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან იგზავნება. მათ შორისა, ესპანეთი, უკრაინა, ერაყი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საფრანგეთი.
