LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის დილა გათენდა… რა მოხდება 4 ოქტომბერს

117
202408eca_georgia_flag

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გრძელდება და დუღილის ტემპერატურა კიდევ ერთხელ აღწევს მაქსიმუმს. ძალიან მალე ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია. მართალია, ეს მოვლენა მასშტაბით ვერ უტოლდება საპარლამენტი არჩევნებს, მაგრამ ახლა ცოტა განსხვავებული ვითარებაა. ერთი წლის წინ წაგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს), ქუჩის პროტესტისა თუ საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, მთავარი მიზნის – ხელისუფლების ცვლილების – ვერმიღწევის გამო, კიდევ 4 წელიწადი მოცდა დიდი დროა და ამიტომ რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია მორიგ ტალღას და მიზნის მიღწევას სწორედ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.

ოღონდ ტაქტიკა შეიცვალა: მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ (რომელსაც ხელისუფლება ასევე „ნაც მოძრაობას“ უწოდებს), არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებენ და ბრძოლის ველად ქუჩას და პროტესტს ირჩევენ. მათ იმედი აქვთ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა და განახორციელებენ სანუკვარ გეგმას. ოპოზიციის ოცნება კი ერთია: „ქართული ოცნების“ „მშვიდობიანი დამხობა“.

როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია, გადატრიალება თუ დამხობა? ტერმინებს ხომ ვის როგორც სურს ისე ატრიალებს.
ხალხი იარაღს ვერ აისხამს ან თუნდაც ბარით და თოხით ვერ შეუვარდება მთავრობას, მრავალათასიანი პროტესტის თმენა (თანმდევი დაშლა-დარბევა) და შემდეგ მის მინელებაზე ზრუნვა უკვე გამოსცადა ხელისუფლებამ და ასე თუ ისე გამოუვიდა.

როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია?

რუსთაველის გამზირის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ “პალიტრანიუსსთან” საუბარში აი ეს თქვა:

“4 ოქტომბერს ყველა გამოვა, ვისაც ექნება სურვილი და ეს იქნება მინიმუმ 200-300 ათასი ადამიანი. იქნება ხელიდან ხელში გადაცემული მოსაწვევები, ამ ყრილობაზე დასასწრები და, ასევე, ყველას კარებში დახვდება – “4 ოქტომბერს, 16:00 საათზე გიწვევთ რუსთაველზე, ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამხობისთვის”.

აქამდე ყოველთვის იყო, რომ შეიკრიბებოდნენ, “დაგვინიშნეთ ახალი არჩევნების” ძახილით, გამოვიდოდა 200 ათასი ადამიანი და წავიდოდა სახლში. 4 ოქტომბერს ასე არ იქნება. ჩვენ თუ მივეცით ხმა მესამე რესპუბლიკას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისცემს, ესენი წავლენ უკვე სახლში, ჩვენ აღარ მივდივართ! 4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი. როგორ უნდა მივცეთ ამას საშუალება, რომ ხალხი კიდევ წავიდეს სახლში? 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე:
„4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს“.

„რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს. 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე. მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

„ფორტუნა“ ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა:
„როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია, ეგ ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს ჰკითხეთ. ვერ წარმომიდგენია ისეთი რამ მოხდეს, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვება.
არავის წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია. რევოლუციები ასე არ ხდება. მას ბელადები სჭირდება, ჩვენთან კი ვერ ვხედავ.
მართალი გითხრათ, ვერ ვატყობ, რომ საზოგადოების განწყობაც არის. ამ ორ პარტიას არ გააჩნია რევოლუციური რესურსი, ისევე როგორც არცერთს სხვა ძალას. არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა. თბილისის მოგება შეიძლებოდა და ეს დიდი დარტყმა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“.
„მშვიდობიანი დამხობა“ – ტერმინებიც კი იდიოტურია, არაფერი არ დგას ამ ტერმინების უკან, უბრალოდ სიტყვებს ისვრიან. არასერიოზულია ეს ყველაფერი“.

წინა საპარლამენტო არჩევნების მთავარი ფსონი – გაყალბდა არჩევნები – ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად იმუშავებს. ახლა რაღაც სხვაა საჭირო.
მაგრამ რა?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს:

„ჩემი შეფასება მარტივია – მე ვერ ვხედავ დღეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც მზად არის, რომ მასობრივი, მშვიდობიანი, უპრეცედენტო ბრძოლა აწარმოოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩანიშნეს აქცია 4 ოქტომბერს და არა 3-ში ან 6-ში? რატომ უნდა დაამთხვიონ ბოიკოტის მომხრეებმა თავიანთი აქცია ადგილობრივ არჩევნებს? თუ მათ შეუძლიათ ხალხის მობილიზება, მით უმეტეს იმ რაოდენობით, რომ თურმე ამ ხალხის რაოდენობა ივანიშვილმა რომ დაინახოს, იფიქრებს – „სად გავიქცეო“, მაშინ გააკეთონ ეს უფრო ადრე ან უფრო გვიან.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 4 ოქტომბერს კატასტროფულად ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში, რომ დილით დაიწყება და საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლები აეროპორტებში იქნებიან გაქცეული და ძალაუფლებას ოპოზიციას გადასცემენ. თუმცა, ვფიქრობ, ხალხმრავალი აქცია იქნება 4-ში.

არჩევნებია უკვე დაგეგმილი და აქციის ჩანიშნვა მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ხელისუფლებას ექნება ნებისმიერი მანევრირების საშუალება. ჯერ ერთი, პროპაგანდისტულად უკვე წაგებულია ასეთი თემა; და მეორე – შეუძლია ნებისმიერ უბანზე გარკვეული დარღვევები ჩაიდინოს და ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს.

როგორ მოხდება ხელისუფლების ჩამოშლა – აი, ეს ძალიან მაინტერესებს ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისა და აქციის ორგანიზატორებისგან“.

“4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის თარიღად გამოცხადება ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რამდენად არასერიოზულად უდგება ზოგიერთი პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესს”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკის ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის “ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის” გეგმას, რომლის ინტერვიუ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა.

„განცვიფრებული ვარ ამ იდეის გამო – საუბარი დამხობასა და გადატრიალებაზე უკიდურესად არასერიოზულია. ასეთი მოწოდებები შეიძლება ემოციურად მიმზიდველია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ისინი უკვე კანონის ზღვარზე გადიან. ვიღაცისთვის შეიძლება კანონის ზღვარი პირობითი ცნებაა, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ბევრი კანონი თავად “ქართული ოცნების” პარტიულ ინტერესებზეა მორგებული, სამართლიანობა და კანონიერება კი ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. მესამე რაიხშიც არსებობდა კანონმდებლობა, მაგრამ ნიურნბერგის პროცესმა ნათლად დაგვანახვა, რომ ეს ყველაფერი უსამართლო და არაჰუმანური იყო. ამიტომ მხოლოდ კანონზე მითითება არ კმარა, მაგრამ დამხობისკენ მოწოდება ნებისმიერი, თუნდაც უსამართლო რეჟიმის პირობებში არასწორად მიმაჩნია. ასეთი გზით ვერ მოხდება არსებული სისტემის დემონტაჟი და ახალი, უკეთესი მოდელის აშენება.

რაც შეეხება მხარდაჭერის რესურსს – დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მოწოდებები ვერ მიიზიდავს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას. ბრძოლა მხოლოდ მიზნის დასახვაში არ გამოიხატება, მნიშვნელოვანია, რა მეთოდით სთავაზობ ბრძოლას საზოგადოებას.

ალბათ, 4 ოქტომბერს “ოცნება” გამარჯვებას გამოაცხადებს და არც ბოიკოტის შედეგებს ველოდები. რაც შეეხება შემდეგს – ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული მოცემულობა პოზიტიურ მოლოდინის საფუძველს არ მაძლევს. თუმცა ისტორიაც გვიჩვენებს, რომ ხშირად სწორედ ასეთი მოჩვენებითი უმოძრაობა მოულოდნელი ცვლილებებისთვის წინა პირობას ქმნის. 4 ან 5 ოქტომბერს შეიძლება მართლაც განსაკუთრებული არაფერი მოხდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეუქმნას ილუზია ამ სისტემის ავტორებს, რომ ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩება. პირიქით, სწორედ ასეთმა ვითარებამ შეიძლება განაპირობოს ისეთი ცვლილებები, რომელთა მასშტაბი ახლა წარმოსადგენადაც რთულია“.

ოპოზიციამ 13 სექტემბერს აქცია მოაწყო, რომელიც ერთგვარად 4 ოქტომბრის რეპეტიციადაც შეიძლება მივიჩნიოთ. აქციამ მშვიდად ჩაიარა. თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ გამართულ მსვლელობას ოპოზიციური ლიდერების გარდა მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შაბათის აქციით შეიძლება მსჯელობა, თუ რამდენად მოსალოდნელია მასშტაბური გამოსვლა 4 ოქტომბერს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, ოპოზიციურ ბანაკებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ფორმალობაა. მაგალითად, რამაზ საყვარელიძის აზრით, არ არის გამორიცხული ეს სტრატეგია გულისხმობდეს ოპოზიციური წნეხის ორი მიმართულებით განხორციელებას: ანუ პარლამენტში შესვლით და პარალელურად ქუჩიდან ზეწოლით.
თუმცა მსგავს მოსაზრებას არ იზიარებს ირაკლი მელაშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში გამორიცხა მსგავსი თანამშრომლობა-გარიგება და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ორპოლუსიანობის აღდგენა სურს და „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ჩამოშორება“.

დასავლელი პარტნიორები სიფრთხილით უყურებენ მომავალი არჩევნების სამართლიანობას. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტმა მორიგი მწვავე რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო.

დამდეგ არჩევნებზე თავდაპირველად ხელისუფლებამ არ მოიწვია ეუთო/ოდირის [OSCE/ODIHR] მისია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არჩევნების შესაფასებლად ერთ-ერთი სანდო კრიტერიუმია. მოგვიანებით, როცა არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, მოწვევა მაინც გაგზავნეს, თუმცა ორგანიზაციამ უარი თქვა, რადგან არასაკმარის დროს ჰქონდა მომზადებისთვის და “სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.

ცნობისთვის, ქართული კანონმდებლობა არ ცნობს ამომრჩეველთა აქტივობის ქვედა ზღვარს, ანუ არჩევნები ჩატარებულად ცხადდება ნებისმიერი რაოდენობის ამომრჩევლის მონაწილეობის პირობებში.

ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 14 პარტია დაარეგისტრირა.

ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის ლექსია:
მზემ წითლად ამოანათა,
თუ ეს დროშების ფერია?!
ოქტომბრის დილა გათენდა,
დღეს შვიდი ნოემბერია…

ეს ლექსი ოქტომბრის რევოლუციას (1917 წ) მიეძღვნა, ქართულ რეალობაში ოქტომბრის რევოლუცია კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური…
ცოტაც და ვნახავთ –
გამოანათებს თუ არა მზე წითლად (ნაცების ფერში) თუ ყველაფერი ისევ ლურჯად დარჩება…

ფოტო: hrw
atlanticcouncil
independent
politico
rferl
pbs

magti 5g