აშშ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის შვილის, ჰამზას შესახებ ინფორმაციისთვის 1 მილიონ დოლარს გაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჰამზა ბინ ლადენი ისლამისტი ტერორისტების მთავარი ლიდერი გახდა. დეპარტამენტი ფიქრობს, რომ ის ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან იმყოფება.
ბოლო წლების განმავლობაში მან გაავრცელა აუდიო და ვიდეო შეტყობინებები, რომლებითაც მოუწოდებდა მის მიმდევრებს, მამის მკვლელობისთვის შური ეძიათ.
ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში, 2011 წელს მოკლა. ის 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტზეა პასუხისმგებელი, რა დროსაც დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა.

რა ვიცით ჰამზა ბინ ლადენზე?
ჰამზა ბინ ლადენი, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა, ოფიციალურად აშშ-ის მიერ ორი წლის წინ გლობალურ ტერორისტად დასახელდა. ის მოჰამედ ატას ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელიც ასევე ფიგურირებდა 2001 წლის ტერაქტში.
