„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, ჯილდოს მფლობელი გახდა ყრუ მსახიობი, ტროი კოცური. მისმა გამარჯვებამ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ყრუ ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გამოხმაურებები გამოიწვია.
ქართველი მოდელი, მსახიობი და მოცეკვავე მეგი მიშველიძე, რომელიც ქართულ „ნიჭიერში“ შესანიშნავი გამოსვლით დავიმახსოვრეთ, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, ვინც ტროის პირადად მისწერა და გამარჯვება მიულოცა. სმენა დაქვეითებულ ქართველ გოგონას „ოსკაროსანი“ მსახიობი მალევე გამოეხმაურა და მისი ზემოხსენებული ვიდეოც იხილა, შემდეგ კი მეგის მოსწერა, რომ მასთან ერთ დღეს სიამოვნებით ჩაწერდა ინტერვიუს, ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან ქართველი გოგონას ნიჭის თაყვანისმცემელი გახდა. ტროიმ მეგი მიშველიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.