რთველის სუბსიდირების შეწყვეტა ნაადრევია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის მოსამაზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებულით, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ზუსტად გვესმოდეს ერთმანეთის მოთხოვნა-მიწოდების შესაძლებობები, რათა გლეხებმა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი და ასევე ინდუსტრიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ექსპორტი არის მზარდი და პოზიტიური ტენდენციებია, პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ, რომ იკლებს ფასი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა სუბსიდირების შეწყვეტა. თქვენ იცით პირადად ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად არ მივესალმები სუბსიდიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ დარგს დღეს ეს ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელძღვანელებს ხვდებიან.