8 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართა ოთარ იოსელიანის ფილმის – „გიორგობისთვე“ კინოჩვენება. ჩვენების დაწყებამდე ცნობილ ქართველ რეჟისორს საპატიო „პრომეთე“ გადაეცა.
ოთარ იოსელიანი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართველი რეჟისორია, რომლის კარიერაც მოიცავს მოღვაწეობას საქართველოსა და საფრანგეთში. სანამ VGIK-ის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩააბარებდა და ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იქნებოდა, იოსელიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და აგრეთვე სწავლობდა მათემატიკას, რამაც გავლენა მოახდინა მის კინოხედვაზე, კინოგრძნობასა და სტილზე. ის თავდაპირველად მუშაობდა მემონტაჟედ და შემდეგ იღებდა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
დღეს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“ გადაიღო 1966 წელს, რომლის პრემიერაც შედგა 1968 წლის კანის კინოფესტივალის „კრიტიკოსთა კვირის“ სექციაში და დაჯილდოვდა FIPRESCI-ს პრიზით. მისი შემდეგი ფილმები „იყო შაშვი მგალობელი“ (1971) და „პასტორალი“ (1976) ისეთივე უნიკალური იყო სტილითა და ფორმით დოკუმენტურსა და მხატვრულ კინოს შორის, თუმცა, საბჭოთა კავშირიდან მათი საზღვარგარეთ გატანა წლების განმავლობაში იბლოკებოდა.
1980-იანი წლების დასაწყისში ოთარ იოსელიანი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და იქ განაგრძო კინოკარიერა. 1984 წელს მან გადაიღო თავისი პირველი ფრანგული ფილმი „მთვარის ფავორიტები“, რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ვენეციის კინო ფესტივალზე და მას შემდეგ, ვენეციაში უჩვენებდნენ მის შემდეგ ფილმებსაც. 2002 წელს ოთარ იოსელიანმა მოიგო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურაში, ფილმისთვის „ორშაბათი დილა“. მისი 2010 წლის ფილმი „შანტრაპა“ იყო საქართველოს ოფიციალური კანდიდატი „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.