გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.
„საქართველო და ნორვეგია არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების, ასევე, წყლის რესურსების მართვის კუთხით. თუმცა არსებობს არაერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ამ საკითხში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ წყლის რესურსების მართვის, ასევე, სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად არსებულ პროექტებზე, აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე.
ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.