LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგიამ დუბაიში იაპონიის ინიციატივით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

111
ოთარი

დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა.

„2022 წელს საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაფართოებლად და ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის შექმნისთვის. იგეგმება ერთობლივი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება ორივე მთავრობის წარმომადგენლებისგან. კომიტეტს ექნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის განხორციელების მანდატი. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივი კომიტეტის შეხვედრას, რათა საპროექტო ციკლის პროცედურებს მიეცეთ ფორმალური სახე, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში JCM-ის სქემის ფარგლებში ემისიების შემცირების პირველი პროექტები განხორციელდეს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები