ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო. ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000-მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის, ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეირჩა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლიერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენ გვაქვს ტყის აღდგენა-გაშენების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს, ხოლო 2036 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები, ჯამში, 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
