არის თუ არა მაიმუნის ყვავილი, საქართველოში გამოვლენილი საეჭვო შემთხვევა – პასუხი 48 საათში გახდება ცნობილი.
საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
როგორც ლუგარის ლაბორატორიაში აღნიშნავენ, ჩაღრმავებული კვლევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. კვლევა დაწყებულია როგორც პისიარტესტირებით, ასევე სეკვენირებით.
პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “იმედთან” საუბრობს:
“მეორე შემთხვევა ამჟამად კვლევაშია. პაციენტის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მართვა მიმდინარეობს იმ პროტოკოლების მიხედვით, რომლებიც არსებობს.
2 შტამი ცირკულირებს, ერთი უფრო მძიმეა, მეორე შედარებით ნაკლები. დამახასიათებელია ტემპერატურა 37.5-ზე მეტი. საერთო სისუსტე, ძლიერი ტკივილები, ყელის და კუნთების ტკივილი და 3,4,5 დღის განმავლობაში ვითარდება გამონაყარი”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმედოვნებს, რომ ვირუსი პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, თუმცა, მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაშიც, საზოგადოება უფრო მეტად არის მზად, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო:
“სამედიცინო საზოგადოება მომზადებულია ამ ინფექციის წინააღმდეგ. იმედია, პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის შემთხვევაში.
ვგულისხმობ იმას, რომ არსებობს არაერთი ვაქცინა, არსებობს ანტივირუსული პრეპარატები და არსებობს მოსახლეობის იმუნური ფენა.
ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან 1980 წლამდე, აცრილები არიან ყვავილზე და დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი დაცვა აქვთ “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგაც”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში, “მაიმუნის ყვავილის” ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.