პრემიერის თქმით, ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. გიორგი გახარიას განმარტებით, პროგრამა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.
„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც, დაახლოებით, იგივე ციფრი იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებს სესხის გადავადებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები მოქმედებს 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით.