„შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ ფინანსდება, 6-თვიან პერიოდზეა გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება, შეუძლებელი იქნება“, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, „მოუწევთ ახალი ინიციატივების წარმოდგენა, რათა ეკონომიკის აღდგენა მოხდეს და ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული პრობლემა მოგვარდეს“.
„ჩვენ აპრილის თვის მონაცემები გვაძლევს გარკვეულ იმედებს, თუმცა, ერთი თვის მონაცემებით გადაწყვეტილების მიღება არის საკმაოდ რთული. შეღავათები, რაც დაწესებულია და პროგრამები, რაც ფინანსდება პანდემიის საპასუხოდ, 6-თვიან პერიოდზე გვაქვს გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება, რაც ნიშნავს რომ კიდევ 6 თვით უნდა გავზარდოთ, შეუძლებელი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ახალი ინიციატივების წარმოდგენაც, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას, მათ შორის, რაც ბავშვთა სიღარიბის კუთხით დიდი გამოწვევაა და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. ამაზე იქნება სამსჯელო, საფიქრალი და ჩვენ პრინციპში სოციალური ხარჯების ეფექტურობა უნდა გავზარდოთ და შეიძლება სოციალური ხარჯების წილიც ბიუჯეტთან მიმართებაში მზარდი იყოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.