LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში, პოსტკოვიდური მდგომარეობა ევროპაში, სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა – WHO

83
Untitled design (6)

„ხანგრძლივი კოვიდის“ სახელით ცნობილი პოსტკოვიდური მდგომარეობა, პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა – ამის შესახებ კვლევის შედეგებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ცნობით, ახალი მოდელირება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ჩატარდა. 

„მოდელირება ცხადყოფს, რომ პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში, სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა პოსტკოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი როგორც „ხანგრძლივი კოვიდი“, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი აკმაყოფილებდა WHO-ს პოსტკოვიდური მდგომარეობის კრიტერიუმებს მინიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით 2020-21 წლებში.

კვლევა აჩვენებს, რომ 2020-დან 2021 წლამდე პოსტკოვიდური მდგომარეობის ახალი შემთხვევები 307%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია კოვიდ-19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდით 2021 წლის განმავლობაში. კვლევის მიხედვით, ქალებს იგი ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, მისი განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება კოვიდ-19-ის რთული ფორმების შემდგომ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანმოს რეგიონული დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს განცხადებით, მონაცემები ხაზს უსვამს მეტი ანალიზის, ინვესტიციის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის აუცილებლობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მდგომარეობა უვითარდება:

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ხანგრძლივი კოვიდის შესახებ, განსაკუთრებით კი, თუ როგორ ვლინდება იგი ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პოპულაციებში და როგორ მოქმედებს ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში, ეს მონაცემები ხაზს უსვამს მეტი ანალიზის, ინვესტიციის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის აუცილებლობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მდგომარეობა უვითარდება.

მილიონობით ადამიანს ჩვენს რეგიონში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აწუხებს დამქანცველი სიმპტომები პირველი ინფიცირებიდან მრავალი თვის შემდეგ. მთავრობებმა და ჯანდაცვის პარტნიორებმა უნდა ითანამშრომლონ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, – აღნიშნავს კლუგე.

? პოსტკოვიდური მდგომარეობა, ანუ ხანგრძლივი კოვიდი იმ გრძელვადიანი სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანებს კოვიდით ინფიცირების შემდეგ უვითარდებათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა კოვიდ-19-საგან სრულად ჯანმრთელდება, შეფასებით, მათგან 10-20%-ს უვითარდება სხვადასხვა საშუალო ან გრძელვადიანი სიმპტომი, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი და გონებრივი შეფერხება ანუ გონების დაბინდვა (მაგალითად, დაბნეულობა, გულმავიწყობა ან კონცენტრაციისა და სიცხადის შეგრძნების ნაკლებობა). პოსტ-კოვიდური მდგომარეობა პირდაპირ და ირიბად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხანგრძლივი ტანჯვა და სტრესი გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდესკოვიდ-19-ით საწყისი ინფიცირებისას ან გამოჯანმრთელების შემდეგაც. ისინი შეიძლება გაქრეს და გარკვეული დროის შემდეგ ისევ განვითარდეს. მდგომარეობა გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე შეასრულოს ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაო. ხანგრძლივი კოვიდი ჩვეულებრივ ვითარდება კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან სამი თვის განმავლობაში. სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და ვერ ხერხდებოდეს მათი ალტერნატიული დიაგნოზით ახსნა“, – აღნიშნულია ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხანგრძლივი კოვიდით დაავადებულთა მხარდასაჭერად, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი თანამშრომლობს Long COVID Europe-სთან, ორგანიზაციასთან, რომელიც მოიცავს 19 პაციენტთა ასოციაციას ევროპის ქვეყნებში.

Long COVID Europe და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა ოფისმა შეიმუშავეს 3 მიზანი, რისი მეშვეობითაც მოუწოდებენ მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანოებს ყურადღება გაამახვილონ ხანგრძლივ კოვიდზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც ის უვითარდებათ.

◼  დაავადების აღიარება და ცოდნის გაზიარება. ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელშიც ყველა სერვისი ადეკვატურად არის აღჭურვილი და არცერთი პაციენტი არ არის უგულებელყოფილი და არ უჭირს ნავიგაცია სისტემაში, რომელმაც უნდა აღიაროს ეს მდგომარეობა და უნდა იყოს მზადყოფნაში.

კვლევა და შეტყობინება შემთხვევათა მონაცემების შეგროვებისა და შეტყობინების გზით, და კარგად კოორდინირებული კვლევის მეშვეობით, პაციენტების სრული მონაწილეობით. ეს აუცილებელია პოსტ-კოვიდური მდგომარეობის პრევალენტურობის, მიზეზებისა და ხარჯების გასაგებად.

რეაბილიტაცია, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებსა და ეფექტურობას და უსაფრთხოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი მომვლელებისთვის.

დამატებით ინფორმაციისთვის ორგანიზაცია ჯანმოს პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვითმართვის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გთავაზობთ, რომელსაც იხილავთ აქ – რეაბილიტაციის მხარდაჭერა: პოსტკოვიდური მდგომარეობის თვითმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები