გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული პირობა, ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერშია ჩადებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ – გზისკენ, მეორე – მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.
ავტობუსების მახასიათებლები შემდეგი უნდა იყოს: მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, მარჯვენა მხრიდან 3 ასასვლელით. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური),
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უნდა ჰქონდეს პანდუსი.
გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
ავტობუსს უნდა გააჩნდეს გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე .
ცნობისთვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე მაისის ბოლოს თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს.