პარაგვაი და საქართველო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლო მომავალში თბილისს, რეგიონში არსებული საინვესტიციო და სამეწარმეო პოტენციალის გასაცნობად პარაგვაის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა. საქართველოსა და პარაგვაის შორის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში პარაგვაის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ელადიო რამონ ლოიზაგა ლეზანოსთან შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის სხვადასხვა დონეზე ურთიერთვიზიტების გაცვლა და მიმდინარე წელს საქართველოში პარაგვაის სენატის წარმომადგენელთა ვიზიტი, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებში. მხარეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართ და ამ მხრივ არსებული დიდ პოტენციალს გაუსვეს ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება საქართველოში პარაგვაის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების მიმართ, რა დროსაც პარაგვაელ ინვესტორებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე გაეცნონ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრის დასასრულს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარაგვაისა და საქართველოს შორის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.