როდესაც ქუჩის საჭმელზე (Street Food) ვფიქრობთ, პირველი, როგორც წესი, ვიეტნამური ბან მი (bánh mì), მექსიკური ტაკო ან იტალიური პიცა ალ ტალიო (pizza al taglio) გვახსენდება. კულინარიული ტურიზმის მოყვარულები ხშირად სწორედ ამ ქვეყნებს ირჩევენ, ადგილობრივი გემოები გზადაგზა რომ დააგემოვნონ.
თუმცა კომპანიის „Radical Storage“ ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგები აჩვენა – მსოფლიოს საუკეთესო ქუჩის საჭმლის ქალაქად პარიზი დასახელდა.
ანალიტიკოსებმა, მსოფლიო მასშტაბით, 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი და ქუჩის კვების 6897 ობიექტი გამოიკვლიეს. მეთოდოლოგია რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმს ეფუძნებოდა: 4 ვარსკვლავზე მაღალი რეიტინგის მქონე ობიექტების რაოდენობა, სამზარეულოების მრავალფეროვნება, ვეგეტარიანული, ვეგანური და უგლუტენო ალტერნატივების ხელმისაწვდომობა, ბიუჯეტური კვების წილი და ობიექტების სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე. კვლევის ფარგლებში, „ქუჩის საჭმლის ობიექტებად“ განისაზღვრა როგორც ტრადიციული დახლები, ისე მცირე რესტორნები, რომლებიც ქუჩის კერძებს სთავაზობენ მომხმარებელს.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე, ქუჩის საჭმლის მოყვარულთათვის მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქია: პარიზი (საფრანგეთი), ათენი (საბერძნეთი), სალონიკი (საბერძნეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), როდოსი (საბერძნეთი), რომი (იტალია), ჰანოი (ვიეტნამი), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ამსტერდამი (ნიდერლანდები).
