LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, არჩევნებზე 2 მილიონამდე ამომრჩეველი მივა – ექსპერტი

140
Captures

“ვფიქრობ, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და მასში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია შევა” – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მან არჩევნების მიმდინარეობაზე საკუთარი დაკვირვების შესახებ ისაუბრა და ამ დროისთვის არსებული სიტუაციაც შეაფასა.

როგორც ძაბირაძე განმარტავს, ის ისურვებდა, რომ კოლიციური მთავრობა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვს. „ეს იქნებოდა კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტივობაა, ვახტანგ ძაბირაძე ამას რამდენიმე მიზეზით ხნის.

„მოვისმინე საინფორმაციო საშუალებებით ოფიციალური განცხადებები იმის თაობაზე, რომ დაახლოებით 10 საათისთვის იყო შედარებით მაღალი აქტივობა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ახლა უფრო მეტი იყოს აქტივობა, გამომდინარე არჩევნების მნიშვნელობიდან. ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად ესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა, ამიტომ, მიდის და აფიქსირებს თავის პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ასეთი შემართება, ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო აქტივობა საღამოს 8 საათისთვის. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ 1 მილიონ 800 ათასიდან 2 მილიონამდე ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე”, – განმარტავს ექსპერტი.

მისივე თქმით, აქტიურობის კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა და ურთიერთობებიცაა. “შეიძლება სულ არ აპირებდეს კაცი არჩევნებზე წასვლას, მაგრამ მისი ახლობელი იყრის კენჭს, ან რომელიმე პარტიის წარმომადგენელია და უფრო მისი ხათრით მიდის. დღეს ძალიან ბევრი – 60 თუ 50 ორგანიზაციაა რეგისტრირებული“, – ამბობს ძაბირაძე.

ექსპერტმა „ფორტუნას“ ეთერში არჩევნების მიმდინარეობის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად გარკვეული ინციდენტებისა, რაც ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ქართული არჩევნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g