პარლამენტმა 91-ხმით, ერთხმად დეოკუპაციისა და რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუციას ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, ეს ის დოკუმენტია, როცა პარტიული ინტერესები გვერდით გადადის და მთავარი სახელმწიფო ინტერესები დგება.
პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.
ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა.
რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანმიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.