LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო

71

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი. მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 116 კანონპროექტისგან შედგება.

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

ცვლილებები შემდეგ უწყებებს შეეხება: კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ერთიანდება; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილდება: დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. რეპატრიაციის მიმართულება გადაეცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდება – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი.

საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაჩქარებული წესით ხდება.

magti 5g