საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე აირჩია. მას 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრა დღეს, 20 მარტს გაიმართა.
როგორც საკონკურსო კომისიის სხდომაზე ჩიკვილაძესთან გასაუბრებით გაირკვა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია. თუმცა, როგორც ამბობს, იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
“დიახ, ამის უარყოფა როგორ შეიძლება. ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ჩემზე ორი კურსით წინ იყო. შემდეგ უკვე, 1983 წლიდან სკოლაში ბატონი ვასილიც მოვიდა და ამის შემდეგ ჩვენ ვიყავით კოლეგები. თავისთავად კოლეგა არ გამორიცხავს მეგობრობას. ჩვენ ვმეგობრობდით, რა თქმა უნდა და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა,” — განმარტა მან.
ახალი მეურვე საზოგადოებრივ მაყუწყებელში ზაზა შათირიშვილის ნაცვლად იმუშავებს. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.
საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი; დონარა შონავა; მიხეილ ჩიკვილაძე; ზაალ ანჯაფარიძე; მიხეილ ჭიაურელი; მანანა ღოღობერიძე; ნინო მინდიაშვილი; ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.