LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს ეწოდოს „დარბაზი“, ხოლო პარლამენტის წევრის ქართული დასახელება იყოს „დარბაისელი“ – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს

1715
პარლამენტი-თბილისი

მოქალაქე ომარ ჯორბენაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ინიციატივა პარლამენტის სახელწოდების ცვლილებასაც ეხება.

ომარ ჯორბენაძის მოსაზრებით, უნდა გამოვიყენოთ ქართული ისტორიის დანატოვარი და საქართველოს პარლამენტს ეწოდოს „დარბაზი“, ხოლო პარლამენტის წევრის ქართული დასახელება იყოს „დარბაისელი“.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამარის მეფობისას დიდებულების ნაწილი ყურთლუ არსლანის მეთაურობით განუდგა მეფეს, მოითხოვა მეფის როგორც ერთპიროვნული მონარქის უფლებების შეზღუდვა (აქ დეტალებში არ შევალ) და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დიდებულების მონაწილეობის აუცილებლობა.

თამარ მეფემ გააგზავნა მოსალაპარაკებლად ორი ქალი, კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა ქართული „პარლამენტი“, რომელსაც ეწოდა დარბაზი. ხოლო „პარლამენტის წევრებს“ „დარბაზის ერს“ ეწოდათ „დარბაისლები“, ეს ხდებოდა დაახლოებით 900 წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ სახელი „პარლამენტი“ ჰქვია ისეთი ქვეყნების პარლამენტს როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რადგან მათ ენაში სხვა სიტყვა პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს აღმნიშვნელი არ არსებობს.

მაგალითად, უკრაინის პარლამენტს ჰქვია Верховна Рада України, რუსეთის პარლამენტს ჰქვია სახელმწიფო სათათბირო – Государственная дума, თურქეთის – თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა – Türkiye Büyük Millet Meclisi და ასე შემდეგ.

მსგავსად გამოვიყენოთ ქართული ისტორიის დანატოვარი და საქართველოს პარლამენტს ეწოდოს დარბაზი, ხოლო პარლამენტის წევრის ქართული დასახელება იყოს დარბაისელი. შეიძლება პირველ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალოს საკონსტიტუციო ცვლილება და შემოვიფარგლოთ რეგლამენტით, რათა ენა და ყური შეეჩვიოს სიახლეს.“ – აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

ამ წინადადებას პარლამენტის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

„ყველა ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზეა დარეგულირებული – სახელიც, ვადებიც, შემადგენლობაც. ასე რომ, ამ პიროვნების ამ ინიციატივას ვერ დავუჭერთ მხარს და წინააღმდეგს ვაძლევთ.“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g