პარლამენტში დღეს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.
იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. იუსტიციის მინისტრის რანგში რატი ბრეგაძე დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება. ანგარიშის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ოპოზიციის დიდ ნაწილს იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბრეგაძეს შეეკითხებიან სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებიდან გამომდინარე საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვას, პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს.
სააკაშვილის უფლებები მთელი რიგი მიმართულებებით დაირღვა და ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირი პირი არის იუსტიციის მინისტრი. ამიტომ მასთან ბევრი და მწვავე შეკითხვა არსებობს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველი გუნდის ძირითადი კითხვები უკავშირდება, თუ როგორია სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარის მიმართვიანობა. უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაინტერესდებიან პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით, რა სიახლეები არის დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას რეგლამენტის მიხედვით დღეს დაასრულებს. პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად პირველ თებერვალს განაახლებს და საგაზაფხულო სესიას გახსნის.