LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

115
ირაკლი

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საკომიტეტო მოსმენას საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე, კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე, აღსრულების მექანიზმებზე და არსებულ გამოწვევებზე.

„2022 წელს ჯანდაცვის სექტორში ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. კერძოდ, უკვე დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაიშვა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც ფასები, დაახლოებით, 50-70%-ით შემცირდა. 2023 წელს  ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ხუთი კომპანიის მიმართ დაწყებული მოკვლევა კი მიმდინარე რეჟიმშია.

ყველასათვის ცნობილია, რომ 2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი საწვავის რეალიზატორი ხუთი კომპანია 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

რამდენიმე დღის წინ უწყებამ დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმეც დაასრულა, რომელიც სომხეთიდან ფილტრიანი სიგარეტების იმპორტს უკავშირდებოდა.“ – განაცხადა ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მიმდინარე მოკვლევაზეც გაამახვილა – სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სასამართლომ, მოკვლევის დასრულებამდე, ერთ-ერთ ეკონომიკურ აგენტს ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა.

„2022 წელს საფინანსო სექტორისთვის აქტუალური თემის მონიტორინგი დავიწყეთ, რაც საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას გულისხმობს. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე რეჟიმშია მოცვისა და თხილის ბაზრების მონიტორინგიც.

მოგეხსენებათ, 2022 წელს ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და 1 ნოემბრიდან აღსრულების პროცესიც დავიწყეთ. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით სააგენტოში 360 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია“ – განაცხადა ლექვინაძემ.