საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.
ამ წუთებში კომისია გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს, რომელიც კომისიის სხდომაზე სამხედრო ფორმით გამოცხადდა.
კომისია დღეს ასევე მოუსმენს კონფლიქტების რეგულირების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას, 2004-2006 წლებში გიორგი ხაინდრავას მოადგილე გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს.
მიხეილ ქარელი: „ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა გახლდათ – ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია, გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“
ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
რაც შეეხება განხილვის საკითხს, როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პაატა სალიამ აღნიშნა, დღეს კომისია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებით არ შემოიფარგლება და სხდომაზე საუბარი შეეხება იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.
„პირველ რიგში. მოვუსმენთ გენერალ მამუკა ყურაშვილს, რომლის მოსმენაც გუშინ ვერ მოხერხდა, რადგან სხვა პირების მოსმენა გაგვიგრძელდა. კომისიას დავიწყებთ მამუკა ყურაშვილის მოსმენით, შემდგომ უკვე საუბარი იქნება სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამასთან დაკავშირებულ მოვლენებზე ბატონ გოგა ხაინდრავასთან, რომელიც იმ პერიოდში კონფლიქტების რეგულირების სფეროში სახელმწიფო მინისტრი იყო, მის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან და ასევე დღეს გამოიკითხება ირაკლი ბათიაშვილი”, – განაცხადა სალიამ.