პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-მა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. “ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ კენჭისყრიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა ამავდროულად, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინა საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის შესახებ. თითოეულ ამ ცნობაში მითითებულია, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს“, – განაცხადა მიქელაძემ.