LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხები კითხვებზე, რომელიც ვაქცინაციაზე მიმავალ ადამიანებს აწუხებთ

2889
korona 444

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარებულია 740 ათასზე მეტი აცრა. მიუხედავად, ვაქცინაციის მზარდი ტემპისა, კვლავ რეკორდულად მაღალია როგორც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. სპეციალისტები პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად ვაქცინაციას და შედეგად, მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას ასახელებენ. NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42% ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

„ფორტუნამ“, ვაქცინაციის საინფორმაციო ჯგუფში “COVID 19 & ვაქცინაცია”  ხშირად დასმული შეკითხვები შეკრიბა და მათზე პასუხი პროფესიონალებისგან მიიღო. მოქალაქეების 25 შეკითხვას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე პასუხობენ.

 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა:

  • ამბობენ, რომ კოვიდვაქცინა იწვევს უშვილობას (ქალებშიც, კაცებშიც), რამდენად შეიძლება ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს?  

ეს არის სრული სიცრუე. ამასთან დაკავშირებით არანაირი სამეცნიერო კვლევა არ არსებობს. ვაქცინის შემოწმება სხვადასხვა კუთხით კეთდება და არსად, არც ერთ გვერდით ეფექტში არ წერია, რომ ვაქცინა ჰრაიმე კავშირშია რეპროდუქციასთან.

  • „ფაიზერით“ აცრა მართლა იწვევს თუ არა ქალებში მკერდის გაზრდას?

ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, რამდენიმე დღით სარძევე ჯირკვლები ზომაში გაიზარდოს, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენაა და არც ამასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სამეცნიერო დასკვნა.

  • აცრამდე და აცრის შემდეგ დალევა შეიძლება? თუ არ შეიძლება, რამდენი ხნით? თუ შეიძლება, როდიდან? 

ალკოჰოლის დალევა ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატთან უკუჩვენება აქვს. ასევეა ვაქცინის შემთხვევაშიც. არის საუბარი, რომ ალკოჰოლი ვაქცინის მოქმედებას ხელს უშლის. ეს ასე არაა, უბრალოდ ალკოჰოლის ფონზე შესაძლებელია,  გარკვეული გვერდითი ეფექტები წარმოჩინდეს. რითიც ვერ მოხდება განსხვავება ის სასმელმა გამოიწვია, თუ ვაქცინამ. ამიტომ არის რეკომენდაცია, არ მივიღოთ ალკოგოლი.

მე, როგორც ექიმი, ვაქცინირებულებს ვურჩევ, ალკოჰოლის მცირე დოზა მხოლოდ ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ მიიღონ.

ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, სანამ ვაქცინის ორივე დოზას არ მიიღებენ რეკომენდებული არაა.

  •  აცრამდე და აცრის შემდეგ გარუჯვა ზღვაზე ან  სოლარიუმში შეიძლება?. თუ კი, როდიდან?

ზედმეტი რუჯი ორგანიზმისთვის არაა რეკომენდებული. უმჯობესია ვაქცინაციიდან ერთი – ორი კვირის განმავლობაში ზედმეტ  დასხივებას თავი აარიდონ.

ასევე სასურველია, ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე მზის აბაზანები არ მიიღონ და სასურველია, სოლარიუმში მისვლისგანაც თავი შეიკავონ.

  • აცრამდე და აცრის შემდეგ ეპილაციის, ბოტოქსის, ფილერის  გაკეთება შეიძლება? რა შეიძლება გამოიწვიოს?

იყო საუბარი, რომ ვაქცინაციიდან  დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ბოტოქსისა და ფილერის გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

ეპილაციისგან კი უმჯობესია, ვაქცინაციამდე 48 საათის განმავლობაში  და ვაქცინაციიდან ორი დღის განმავლობაში თავი შეიკავონ, მერე კი სურვილისამებრ გაიკეთონ.

სასურველია, იმ ადგილზე, სადაც ვაქცინაა გაკეთებული, ეპილაცია არ გაკეთდეს.

  • აცრის შემდეგ მაქვს გამონაყარი (ყელზე, ხელზე, ზურგზე, ა.შ.). აცრის ბრალია? რა ვქნა?

აცრის გვერდითი ეფექტი გამონაყარი იშვიათად არის ხოლმე. თუ ეს გამონაყარი დიდხანს დარჩა, ან მოიმატა და ადამიანს დისკომფორტს უქმნის, ჯობია, ექიმს მიმართოს.

  • მეორე დოზით აცრა რომ გადავაცილო დადგენილ ვადას, ამით რამე დაშავდება?

რამდენიმე დღე, ან ერთი კვირა პრობლემა არაა, მეორე დოზით გადაცილება, მაგრამ დიდი ხნით, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება.

  • თუ აცრის მომენტში არ ვიცი, რომ ინფიცირებული ვარ, საშიშია? ვაქცინა იმოქმედებს მაინც? მეორე დოზას როდის გავიკეთებ? მაინც საჭიროა მეორე დოზა ასეთ დროს თუ შემიძლია არ ავიცრა, რადგან ბუნებრივი იმუნიტეტი მაქვს და ეს დამიცავს?

ძალიან მნიშვნელოვანია,რომ სანამ აცრას გავიკეთებთ კარგად შევაფასოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ გვაქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები, ჯერ გავიტესტოთ და ვაქცინა მერე გავიკეთოთ.

აშშ-ში და ჩვენთანაც დაავადების გადატანიდან ერთ თვეში, არის საშუალება, რომ ვაქცინა ერთ თვეში გაიკეთოთ.

ზოგ ქვეყანაში არის მიდგომა, რომ დაავადებას თუ გადაიტანს, ორი სამი თვის მერე ხდება ვაქცინის გაკეთება. ორივე მიდგომა ჩემი აზრით მისაღებია.

  • მაქვს ჭინჭრის ციების, კვინკეს, ანაფილაქსიის ისტორია. ასეთ დროს რომელი ვაქცინით აცრას გაუწევდით რეკომენდაციას? საჭიროა თუ არა წინასწარ ანალიზების ჩატარება? რა ანალიზი ჩავიტარო? დავლიო წინასწარ ანტიჰისტამინური საშუალება? თუ პირველ 30 წუთში არაფერი მომივიდა, შანსია რომ მერე მომივიდეს რამე?

თუ გვაქვს ასეთი დატვირთული ანამნეზი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ალერგოლოგის კონსულტაცია. თუ შესაძლებელია, დადგინდეს რა ნივთიერებაზე აქვს ასეთი რეაქცია და შემდეგ, უკვე რისკისა და ფაქტების გათვალისწინებით გადაწყდეს ვაქცინის გაკეთება.

  • დავლიო წინასწარ ანტიჰისტამინური საშუალება? თუ პირველ 30 წუთში არაფერი მომივიდა, შანსია რომ მერე მომივიდეს რამე?

ანტიჰისტამირული საშუალებების თვითნებურად მიღებას მე არ ვემხრობი. ეს ალერგოლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.  მძიმე ალერგიული რეაქციები, ვაქცინაციიდან მხოლოდ ერთ საათში ვითარდება. თუ ამ შემთხვევაში არაფერი დაემართა ადამიანს, მას ამ შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ტიპის რეაქცია, მაგრამ ეს არ იქნება სიცოცხლისთვის საშიში, რომელიც საჭიროებს აუცილებლად საავადმყოფოში ყოფნას.

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე

 

  • აცრის შემდეგ მტკივა ხელი, არის თუ არა აცრის უკუჩვენება?

უკუჩვენება, რასაც ჰქვია ანაფილაქსიური შოკი, საქართველოში სულ ოთხი იყო. ყველა დანარჩენი შემთხვევა მსუბუქი შემთხვევებით ხასიათდება. მათ შორის არის მხრის ტკივილი.  შეშუპება, შეწითლება და ინექციის ადგილას მტკივნეულობა, რომელსაც სჭირდება ე.წ. ცივი კომპრესი. თუ ტკივილი ძლიერია, დალიონ პარაცეტამოლი და ეს ყველაფერი ერთი ორი დღის განმავლობაში გაივლის.

ასევე გვერდითი მოვლენებს განეკუთვნება საერთო სისუსტე, რომელიც გაივლის რამდენიმე დღეში. ამ ინფორმაციას ყველა აცრის კაბინეტში ექიმი აწვდის ინფორმაციას. ამაში განსაკუთრებული არაფერია. პირიქით არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ორგანიზმს აქვს მსგავსი რეაქცია, სახსრების ტკივილი, ამაში არაფერია გასაკვირი. ეს არის წინასწარ განსაზღვრული პროგნოზირებადი მოვლენა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ვაქცინას ახასიათებს და ეს არ განიხილება როგორც მეორე ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგ ჩვენება.

  • აცრის შემდეგ მაქვს ყელის ტკივილი? შეიძლება თუ არა რომ იყოს აცრის უკუჩვენება?

მოდით, გავმარტოთ, რა არის უკუჩვენება. პაციენტის მდგომარეობა- რომლის დროსაც ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს. მაგალითად მივიდა მოქალაქე აცრის კაბინეტში და ეკითხება ექიმი ჰქონდა თუ არა ალერგიური რეაქცია, როდესაც გასულ წელს გაიკეთა გრიპის ვაქცინა, ხომ არ ჰქონდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი და ხომ არ დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

ეს იქნება განხილული როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენა და ამ შემთხვევაში ვაქცინაციის საკითხი მხოლოდ დამატებითი კველვების შემდეგ უნდა გადაწყდეს. მანამდე ვაქცინაცია არ გაკეთდება.

მეორე- როდესაც მიდიხარ ვაქცინაციის კანბინეტში, ან იმ დილით გაიზომეთ ტემპერატურა და გაქვთ ტემპერატურა 38.5, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მწვავე დაავადება დაგეწყოთ.

რაღაც მწვავე დაავადების დასაწყისში, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის იქნება ის, ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს.

  • მაქვს სურდო, გაჭედილი ვარ ცხვირში, მაქვს 37 გრადუსი სიცხე, შემიძლია თუ არა აცრა?

თუ დღეს დილით გავიღვიძე, სურდო მაქვს, ყელი გტკივათ და სიცხე გაქვთ, თქვენ შეიძლება, რაღაც მწვავე დაავადება გეწყებოდეთ და იმ დღეს ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვით და არა საერთოდ ვაქცინის გაკეთებაზე.

ანუ იმ დღეს განვითარებული მაღალი ტემპერატურა, თავის, თვალების ტკივილი განიხილება, როგორც ვაქცინის გადადების მიზეზი.

  • ძალიან ვნერვიულობ აცრამდე, შემიძლია თუ არა დამამშვიდებელის მიღება? თუ კი რომელი დამამშვიდებელი შემიძლია, რომ დავლიო?

არანაირი მედიკამენტის მიღება ვაქცინაციის წინ სასურველი არაა. ზოგი ამბობს, რომ დავლევ პარაცეტამოლს, ტკივილი შემიმსუბუქდება და ვაქცინაციის შემდეგ ტკივილი აღარ მექნება. არაა არანაირი აუცილებლობა, ვაქცინაციის წინ ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ.

ამიტომ ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნერვიულობს და უბრალოდ სტრესის მოხსნა სურს, ამ ადამიანს შეუძლია, მცენარეული დამამშვიდებელი დალიოს.

ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ამის აუცილებლობა ფაქტობრივად არაა.

  • უნდა შევწვიტო თუ არა ქრონიკული დაავადების მედიკამენტის მიღება? (წნევის წამლები, ჰორმონები და ასე შემდეგ)

ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეთ, რისკის ნიშნის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ასეთი პირები კი არიან ისინი, სადაც კორონავირუსი მიმდინარეობს მძიმედ და პოტენციურად სერიოზული რისკის ქვეშ არიან პაციენტები ქრონიკული დაავადებებით. ესენია, გულის ქრონიკული დაავადება, ფილტვის ქრონიკური დაავადება. ბრონქული ასთმა. დიაბეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პრიორიტეტული ჯგუფების პირველ კატეგორიაში შედის ადამიანები, ქრონიკული დაავადებებით.

იქვე არის მკაფიო მითითება. არც ერთი მეტიკამენტი, რომელსაც თქვენ იღებთ ქრონიკული დაავადების დროს, არ უნდა იქნეს შეწყვეტილი ვაქცინაციის გამო.

  • შეიძლება თუ არა აცრა ლაკტაციის პერიოდში? ზოგი ვარაუდობს, რომ  ანტისხეულები დედისგან ბავშვზეც გადადის რძის საშუალებით.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ლაქტაციაზე, დავუმატოთ ორსულობის თემაც, რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია.

არსებობს ვაქცინების გარკვეული კატეგორია, სადაც მწარმოებელი აფიქსირებს, რომ  მათ არ აქვთ ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები, ორსულებში და მეძუძურ დედებში. თუმცა არსებობს ვაქცინები, როდესაც მწარმოებელი ამბობს, რომ რეკომენდებულია ორსულებისთვის და  მეძუძურებისთვის.

ასეთ ვაქცინას მიეკუთვნება საქართველოში შემოტანილი „ფაიზერი“.  „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ჩაიტაროთ ვაქცინაცია.

ორსულები განეკუთვნებიან რისკჯგუფებს. როდესაც მეძუძური დედა იკეთებს ვაქცინას შესაძლებელია, მასიური იმუნიტეტი შეიქმნას და დედის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, შვილსაც გადაეცეს.

  • ორსულობის რომელ ტრიმესტრში არის სასურველი ვაქცინაცია? 

აცრის გაკეთება სასურველია მესამე – მეოთხე ტრიმესტრზე. საქართველოში რომ იყოს ისეთი მდგომარეობა, როგორიც გვქონდა მარტში, მაშინ ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი. მაშინ ქვეყანაში იყო მხოლოდ  ჩინური და ბრიტანული ვაქცინა და  დღის განმავლობაში მხოლოდ ასეული შემთხვევა გვქონდა, ახლა 5 ათასი ინფიცირებული გვყავს.  საქართველოში კორონავირუსის დელტა ვარიანტია, რომელიც ძალიან მაღალი გადამდებლობითა და აგრესიულობით ხასიათდება. ჩვენ თებერვალ – მარტში ასეთი კატეგორიულები არ ვიქნებოდით. მაშინ არც ვაქცინები იყო საქართველოში ისეთი, რომელთანაც კვლევების საშუალებით იქნებოდა ამ რეკომენდაციის გაცემა შესაძლებელი.

 

 

ახლა საქართველოში არის „ფაიზერის“ ვაქცინა, თებერვალ-მარტის შემდეგ გვაქვს კვლევებიც.  ამიტომ ყველა ორსულ და მეძუძურ ქალს ვურჩევ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ოღონდ მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით. საქართველოში არსებულ მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს შესაბამისი რეკომენდაცია.

  • აცრამდე კონტრაცეპტივის მიღება შევწყვიტო? რამეზე მოქმედებს?

საქართველოში არსებული ოთხი ვაქცინიდან, „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტა ვაქცინაციის დღეს არაა რეკომენდებული.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან კი მითითებულია, რომ ძალიან დაბალი რისკი არსებობს თრომბოემბოლიის განვითარების.

საქართველოში 45 წლამდე ქალბატონებს არ ვცრით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.  არ მგონია, 45 წელს ზემოთ ბევრი ქალბატონი იყოს, ვინც კონტრაცეპტივებს სვამს. ამ თვალსაზრისით ბევრისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება „ასტრაზენეკა“.

  • იწვევს თუ არა ვაქცინაცია ციკლის დარღვევას? (ბევრმა დაუკავშირა) 

ვაქცინის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ის რეაქცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად ტემპერატურის მომატება, რომელმაც შესაძლოა, რაღაც მომენტში ციკლის ცვლილება გამოიწვიოს. ეს შესაძლოა, ხანმოკლე პერიოდი გაგრძელდეს.

  • აცრამდე რომელი ანალიზები უნდა გავიკეთო? უნდა გავიკეთო თუ არა აცრამდე ანტისხეულებზე ანალიზი?

ანტისხეულების ტიტრი არაა თქვენი დაცვითი სტატუსის მიმანიშნებელი. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც ჯანმო არ იძლევა რეკომენდაციას, რომ რაიმე კვლევა ჩაიტაროთ აცრამდე.

  • ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ? 

აცრის შემდეგ თუ განვითარდა რაიმე სახის ანთება და თქვენ იძულებული ხართ, დალიოთ ანტიბიოტიკი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს გაწერილი, არის ის, რომ სხვა ტიპის ვაქცინასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ ორი კვირა.

კატეგორიული მხოლოდ ეს მოთხოვნა გვაქვს. ეს არ ეხება ცოფის ვაქცინას. ვინაიდან ცოფის ვაქცინის შემთხვევაში, ორკვირიანი შეზღუდვა სწორი არ იქნება, რადგან ცოფი გაცილებით დიდი რისკის შემცველია.

  • როგორ ავიღო კოვიდ პასპორტი? არის თუ არა კლინიკაში მოცემული ფურცელი კოვიდპასპორტი?

კოვიდპასპორტის აღება ძალიან მარტივია. როგორც კი თქვენ გაიკეთებთ მეორე ვაქცინას, იმავე ცენტში, სადაც თქვენ ვაქცინაცია გაიკეთეთ, უნდა სთხოვოთ ექიმს და ის ამოგიბეჭდავთ სპეციალურ ფორმატს.

ესაა ინგლისურენოვანი ფორმა, სადაც მითითებულია თქვენი სახელი გვარი და რა ტიპის ვაქცინა გაიკეთეთ. და ზემოთ აქვს დატანილი ე.წ. QR კოდი, რომლის წაკითხვა შეიძლება სპეციალური აპლიკაციით. სადაც წერია ვაქცინა როდის გაიკეთეთ, პისიარტესტი როდის ჩაიტარეთ, ყველა თქვენი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით QR კოდში ფიქსირდება. ესაა ციფრული კოდი, რომელიც საზღვრის გადაკვეთაში დაგეხმარებათ.

ევტროპაში ამას ეძახიან მწვანე ციფრულ პასპორტს. ჩვენც გვაქვს მწვანე პასპორტი და ეს ავტომატურად გაიცემა მაშინვე, როგორც კი თქვენ მეორე ვაქცინას ჩაიტარებთ.

  • თუ მაინც ინფიცირდება ვაქცინირებული ადამიანი, რატომ უნდა ავიცრა, რა აზრი აქვს?

დიახ, ვაქცინირებული ადამიანი ინფიცირდება. ინფიცირების მაჩვენებელი არის მინიმალური. არავინ ამბობს, რომ ვაქცინაცია 100 %-ით იცავს ინფიცირებისგან.

როდესაც ჩვენ სხვადასხვა ვაქცინებს ვადარებთ, „ფაიზერის“ 95 % -იანი დაცვა ნიშნავს, რომ 100 ადამიანი, რომელიც გაიკეთებს „ფაიზერის“ ვაქცინას, აქედან 95-ს დაავადება არ დაემართება.

როდესაც ვსაუბრობთ ჩინური „სინოფარმის“ 86 პროცენტზე, ეს ნიშნავს, რომ თუკი 100 ადამიანი გაიკეთებს „სინოფარმის“ ვაქცინას, 86-ს არ დაემართება და 14-ს შეიძლება, დაემართოს. ჩვენ ვაქცინას ვიკეთებთ არაიმიტომ, რომ არ დაგვემართოს ვირუსი, არამედ იმიტომ, რომ  არ დაგვემართოს კორონავირუსის მძიმე ფორმები და არ მოვკვდეთ საავადმყოფოში.

კორონავირუსის ვაქცინაცია გვიცავს 100 პროცენტით სიკვდილიანობისგან.

გერმანიაში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ვაქციცინირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ნული. ანუ არავინ მომკვდარა ვაქცინირებული.

საქართვდელოში, 99, 9 % ვინც საავადმყოფიოში გვიწევს, არავაქცინირებულია. შესაბამისად ვაქცვინაციას ვიკეთებთ იმიტომ, რომ არ დაგვემართოს კორონავირუსის მძიმე ფორმა და ვიკეთებთ იმიტომ, რომ არ მოვკვდეთ.

  • საჭიროა თუ არა პისიარ ტესტის ჩატარება აცრამდე? თუ უსიმპტომო ვარ და ავიცერი, ხომ არ გამოიწვევს ეს გართულებებს?

არანაირი პისიარის ტესტი, ისევე როგორც ანტისხეულების ტესტის ჩატარება, ვაქცინაციის წინ აუცილებელი არაა. თუ ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ, მაგრამ ეს ნამდვილად არაა აუცილებელი.

თუ ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაგიდასტურდათ, ეს არანაირი უბედურება არაა.

კორონავირუსის მიმდინარეობის პროცესს ვაქცინაცია არანაირად არ ამძიმებს. ერთი ცუდი, რაც მოხდება არის ის, რომ თქვენ ხელახლა მოგიწევთ ვაქცინის გაკეთება, თქვენ არ ჩაითვლებით ვაქცინის პირველი დოზის მიმღებად. როგორც კი გადაიტანთ კორონავირუსს, 30 დღეში ხელახლა მოგიწვეთ დარეგისტრირება და ვაქცინაციის ჩატარება.

თუ უსიმპტომოა, ის ადამიანი ვერადსდროს გაიგებს, ჰქონდა თუ არა კორონავირუსი. უსიმპტომო ინფიცირებას ვაქცინა სიმპტომურად არანაირად არ გახდის. ვაქცინა არაა დასუსტებული ვირუსი.

ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, არ შეიცავს დასუსტებულ ვირუსს. ის შეიცავს ან მკვდარ ვირუსს, ან ვირუსის რაღაც ნაწილაკებს, რომელსაც არ შეუძლია დაავადების გამოწვევა. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ვაქცინაცია არაა მაპროვოცირებელი უსიმპტომო კორონავირუსის დროს მისი სიმპტომურად გადაქცევის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g