LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია“ – გახარიას გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ მოაწერს

193
გახარიას გუნდის პასუხი

პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ისეთივე პოზიცია გვაქვს, როგორიც გვქონდა, მისი დაკავების პირველ დღეს. ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური რომან გოცირიძის გახარიას პარტიასადმი მიმართვას, ხელი მოაწერონ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც დაამტკიცებს ციხეში სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

„ფორტუნასთან“ საუბარში ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მისი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

„რამდენიმე  მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს გასამიჯნი.

პირველი –  ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც კანონიერ დავაშია შესული, აღსასრულებელია. აქ კითხვის ნიშანი არ შეიძლება, რომ დაისვას. პოლიტიკოსობა და თანამდებობის პირობა ინდულგენციას არ ნიშნავს და ეს არავისთვის არ უნდა ნიშნავდეს. ეს მაგალითი უნდა იყოს, „ქართული ოცნებისთვის“ და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის – თუ დანაშაულს ვინმე ჩაიდენს,  ყველა აგებს პასუხს განურჩევლად სტატუსისა და პოზიციისა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებებს, რაზედაც პირველივე დღიდან სპეკულირებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“, რადგან ორივე პარტიას თავისი ინტერესი აქვს ამ საკითხის მიმართ. (პოლიტიკურ ინტერესს ვგულისხმობ) პირველივე დღიდან ჩვენ ვამბობდით,  რომ ნებისმიერი პატიმარზე, თუნდაც ის ყოფილი პრეზიდენტი იყოს, სახელმწიფოს აქვს სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და იყოს უზრუნველყოფილი.

ამაზე ორი აზრი არ შეიძლება, რომ არსებობდეს.

პატიმარს იმიტომ კი არ უნდა მოექცე სათანადოდ, მოგწონს თუ არ მოგწონს, იმიტომ უნდა მოექცე კარგად, რომ ასეთ სახელმწიფოებრივ სახელმწიფოში გვინდა ჩვენ ყველას ცხოვრება.

მე, რა თქმა უნდა, ბატონ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, აქ ორი აზრი არ არსებობს, განურჩევლად იმისა, მე როგორი დამოკიდებულება მაქვს მის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მიმართ.

მაგრამ რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას,  რამდენიმე არგუმენტია, რის გამოც ჩვენი გუნდი არ დავუჭერთ მხარს მხარს საგამოძიებო კომისიას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია და მე არ ვიცი, რამდენად მართალია. ჯერ ერთი ჩვენ ექიმები არ ვართ და არ გვაქვს სათანადო ინფორმაცია.

დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  შესაბამისი პროფესიის ადამიანმა უნდა დადოს. ამაზე ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი. ჩვენ მათ ვერ ჩავანაცვლებთ.

და რაც მთავარია, ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ყოველი დღე არის გადამწყვეტი და მეორეს მხრივ ითხოვს, რომ ამ საკითხზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც რეგლამენტით და კანონმდებლობით თვეებით მუშაობს, ანუ საგამოძიებო კომისიის პროცედურა თვეებში არის გაწერილი. მაშინ საკუთარ თავს ეწინააღდეგებიან, ასე გამოდის. ეს მათი თანმიმდევრობის პრობლემაა და ეს ჩვენთვის შეიძლება, საინტერესო არ იყოს.

მეორე საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“.

მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რადგან მათი ლიდერია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი მასზე უნდა იყოს კონცენტრირებული და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დილიდან საღამომდე მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი მასზე უნდა იყოს აგებული.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არაფრისმომცემი საგამოძიებო კომისია შეიქმნება პარლამენტში, მთელი დღის წესრიგი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უმწვავესი პრობლემები და გამოწვევები.

ერთია, რომ მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორეა, რომ  სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი უფლებებისა და ჯანმრთელობის  დასაცავად, მესმის რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი ბოდიში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი, მასზე იყოს აწყობილი, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა.“- ამბობს ანა ბუჩუკური „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ, გახარიას გუნდს მიმართა.

„უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას – კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

„დღეებია დათვლილი” – ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ჯო ბაიდენსა და კელი დეგნანს მიმართეს

 

პოპულარულები