თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს.
ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსამძიმრებს და თურქეთს მშვიდობას, მხნეობას და დაშავებულთა გამოჯანმრთელებას უსურვებს:
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.
ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ. ილია II“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა 1500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, განადგურდა 3 ათასამდე შენობა.
ფოტო: ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება